მედიის ინფორმაციით, ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არ შეუშვეს
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი არ შეუშვეს.
ამის შესახებ გამოცემა „კავკაზ რეალიი“ წერს. მედიასაშუალების ცნობით, ცხინვალში გამგზავრებამდე კოკოითმა სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილ დემონსტრანტებს.
კოკოითის განცხადებების შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა. როგორც „კავკაზ რეალიის“ სამართალდამცავ ორგანოებში არსებულმა წყარომ განუცხადა, კოკოითის კორტეჟი ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ბურონში გააჩერეს, სადაც როსგვარდის დანაყოფი იდგა.
მედიასაშუალების ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ შეშვების მიზეზად კოკოითს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები დაუსახელეს. ამის შემდეგ კოკოითი და მისი თანმხლები პირები უკან გაბრუნდნენ.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში მიტინგები მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა ინალ ჯაბიევი, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმაში ადანაშუალებდნენ. საპროტესტო აქციებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის გადაყენება მოჰყვა.