მედიის ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვარზე ირანული კომპანია ხიდს ააშენებს
მედიის ინფორმაციით, ირანული სამშენებლო კომპანია Ariana Tunnel Dam Company საქართველო-სომხეთის საზღვარზე ხიდს ააშენებს. როგორც ირანული ინგლისურენოვანი სააგენტო Financial Tribune ავრცელებს, შესაბამისი კონტრაქტი სომხეთის ქალაქ ბაგრატაშენში 15 იანვარს გაფორმდა.
დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას სომხეთის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი ვაჰან მარტიროსიანი და ირანის ელჩი სომხეთში კაზემ საჯადი ესწრებოდნენ.
ახალი ხიდი საქართველოში მდებარე სადახლოსა და სომხეთში მდებარე ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტებს დააკავშირებს. ხიდის მშენებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი შეთანხმდნენ.
მშენებლობისთვის 10,3 მილიონი ევრო გამოიყო, თუმცა ირანულმა კომპანია Ariana Tunnel Dam Co.-მ ვალდებულება აიღო, სამუშაო 7,4 მილიონ ევროდ შეასრულოს.
პროექტის განხორციელება 2018 წლის იანვარში იწყება და 19 თვეში უნდა დასრულდეს.