მედიის ინფორმაციით, ირანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების ძალების ორი თანამშრომელი მოკლეს
ირანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს, უსაფრთხოების ძალების ორი თანამშრომელი მოკლეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეომასალების მიხედვით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და დასახლებულ პუნქტში დემონსტრაციებს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები უერთდებიან.
ირანული მედიის თანახმად, ქვეყნის დედაქალაქ თეირანში „ბასიჯის“ გასამხედროებული დაჯგუფების ერთი წევრი აქციის მონაწილეებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის ქურთისტანის პროვინციის ქალაქ სანანდაჯში „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრი მოკლეს.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების დროს „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ბასიჯისა“ და პოლიციის სულ მცირე 20 წევრი დაიღუპა. თეირანში სხვადასხვა ადგილას შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მსგავს საპროტესტო აქციებზე ბევრ სხვა ქალაქში დემონსტრანტებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები მეჩეთებს, „ბასიჯის“ ცენტრებსა და იმამების ოფისებს ესროლეს. უფლებადამცველი ჯგუფების ინფორმაციით, დემონსტრაციების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 185 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.