ირანის სულიერი ლიდერი - ქვეყანაში მიმდინარე არეულობები აშშ-ისა და ისრაელის მიერ არის პროვოცირებული
ირანის სულიერი ლიდერი - ქვეყანაში მიმდინარე არეულობები აშშ-ისა და ისრაელის მიერ არის პროვოცირებული

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ქვეყანაში მიმდინარე ანტისახელისუფლო აქციების გამო, ბრალს აშშ-სა და ისრაელს სდებს. ალი ხამენეის თქმით, „ამბოხი ირანის მთავარი მტრებისა და მათი მოკავშირეების მიერ არის პროვოცირებული, რადგან, მათ არ შეუძლიათ დაუშვან ირანის მიერ ძალის მოკრება ყველა სფეროში“.

„მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ეს არეულობები და უსაფრთხოების დარღვევა ამერიკისა და ოკუპაციური, ყალბი სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) მიერ არის პროვოცირებული, ისევე როგორც მათი დაქირავებული აგენტების მიერ, საზღვარგარეთ მყოფი ზოგიერთი გამყიდველი ირანელის დახმარებით“, – აცხადებს სულიერი ლიდერი და ირწმუნება, რომ აქციების დროს, ყურანი დაწვეს.

მან ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა უსაფრთხოების ძალებს, რომელთა ხელითაც მიმდინარე აქციების განმავლობაში 133 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში არეულობის დაწყების შემდეგ, ეს ალი ხამენეის პირველი საჯარო კომენტარია. მან ასევე მოუწოდა უსაფრთხოების ძალებს, მზად იყვნენ შემდგომ არეულობებთან გასამკლავებლად.

13 სექტემბერს დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელიც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, ყველაზე დიდი გამოწვევაა აიათოლა ალი ხამენეის მმართველობის პერიოდში. მაჰსა ამინი მორალის პოლიციის მიერ დაპატიმრების შემდეგ, მოულოდნელად კომაში ჩავარდა და სამ დღეში გარდაიცვალა. ირანელები მის სიკვდილში ბრალს მორალის პოლიციას სდებენ და პროტესტის ნიშნად ქალები ჰიჯაბებს წვავენ.