მედიის ინფორმაციით, „დოიჩე ველეს“ და „ამერიკის ხმას“ თურქეთის მედიის მარეგულირებელმა სააგენტომ თურქულ ვებგვერდებზე წვდომა დაუბლოკა
„დოიჩე ველეს“ და „ამერიკის ხმას“ თურქეთის მედიის მარეგულირებელმა სააგენტომ თურქულ ვებგვერდებზე წვდომა დაუბლოკა.
მედიის ინფორმაციით, თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში შევიდა თებერვლის დადგენილება, რომელიც საერთაშორისო მედიასაშუალებებისგან, რომლებიც ინტერნეტში თურქულ ენაზე სატელევიზიო კონტენტის ტრანსლირებას ახორციელებენ, მაუწყებლობის ლიცენზიას მოითხოვს.
საბჭომ თებერვალში სამი უცხოური ვებგვერდი გამოავლინა, რომლებსაც მაუწყებლობის ლიცენზია არ ჰქონდათ. მესამე – „ევრონიუსის“ თურქული სამსახურია. თუმცა, „ევრონიუსმა“ არგუმენტად მოიყვანა ის ფაქტი, რომ ის არ მაუწყებლობს პირდაპირ ეთერში თურქულ ენაზე, რის გამოც მათზე სალიცენზიო მოთხოვნები არ ვრცელდება.
მედიის ცნობით, საბჭომ წვდომის შესაზღუდად სასამართლოს მიმართა. ანკარის სასამართლომ ხუთშაბათს „დოიჩე ველეს“ და „ამერიკის ხმის“ ვებგვერდებზე წვდომის შეზღუდვის დადგენილება მიიღო, შესაბამისად პარასკევიდან უკვე არც ერთი აღნიშნული ვებგვერდი არ ფუნქციონირებს.
როგორც მედია იტყობინება, განცხადებაში „დოიჩე ველე“ განმარტავს, რომ ლიცენზიის მოთხოვნის შესრულებაზე უარი იმ მიზეზით თქვეს, რომ ეს თურქეთის ხელისუფლებას სარედაქციო პოლიტიკაზე ცენზურის საშუალებას მისცემდა.
„თურქეთში ლიცენზიის მქონე მედიას მოეთხოვება, წაშალოს ონლაინკონტენტი, რომელსაც თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უზენაესი საბჭო შეუფერებლად მიიჩნევს. ეს უბრალოდ დაუშვებელია დამოუკიდებელი მაუწყებლისთვის. „დოიჩე ველე“ მიიღებს სამართლებრივ ზომებს ამ დაბლოკვის წინააღმდეგ“, – განაცხადა „დოიჩე ველეს“ გენერალურმა დირექტორმა პიტერ ლიმბურგმა.
როგორც მედია იუწყებამ „ამერიკის ხმაში“ განმარტავენ, რომ ინტერნეტგავრცელებისთვის ლიცენზირების მოთხოვნას, მხოლოდ ერთადერთი მიზანი – ცენზურის ამოქმედება აქვს. ვინაიდან, თუ ტელე და რადიო მაუწყებლობის შემთხვევაში, საეთერო ტალღები შეზღუდულ რესურსს წარმოადგენს, ინტერნეტის შემთხვევაში, ეს ლიმიტირებული არ არის.
მედიის ცნობით, თურქეთის ჟურნალისტთა კავშირმა ამ გადაწყვეტილებას ცენზურა უწოდა.