მედიის ინფორმაციით, ბატალიონ „აზოვის“ მეთაური მეუღლეს ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ დატყვევებული ჯარისკაცების პირობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია
ბატალიონ „აზოვის“ დატყვევებულმა მეთაურმა, დენის პროკოპენკომ მეუღლესთან დარეკვა შეძლო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
გამომცემლობის ცნობით, სატელეფონო საუბარი წითელი ჯვრის შუამავლობით უკრაინისა და რუსეთის მთავრობებთან შეთანხმებით შედგა. დენის პროკოპენკომ მეუღლეს განუცხადა, რომ დაჭრილი ჯარისკაცების უმეტესობა დონეცკის ოლქში, ელენოვკას ციხეში იმყოფება, ხოლო მძიმედ დაჭრილი მებრძოლების მცირე ჯგუფი რჩება ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში.
„მან თქვა, რომ კარგად არის და მკითხა, როგორ ვიყავი. პირობები ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელია. მათ აძლევენ საკვებს და წყალს. პირობები პასუხობს მოთხოვნებს და მათზე ძალადობა ამ მოკლე პერიოდში არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით, რა იქნება შემდეგ, მაგრამ ამ მომენტში არის მესამე მხარე – გაერო და წითელი ჯვარი – რომელიც აკონტროლებს სიტუაციას“, – განაცხადა „აზოვის“ მეთაურის მეუღლემ კატერინა პროკოპენკომ.
„გარდიანის“ ცნობით, კატერინა პროკოპენკომ შექმნა ორგანიზაცია ბატალიონ „აზოვის“ მებრძოლების მხარდასაჭერად, რომელშიც ასევე შედიან უკრაინელი მესაზღვრეები და უკრაინელი დაზვერვის ოფიცრები.
„მიზანი არის პატიმრებთან ყოველკვირეული სატელეფონო ზარების ორგანიზება, ჩვენი ბიჭების შესახებ რუსული ყალბი ინფორმაციის გამოვლენა, მათთვის დამაკმაყოფილებელი პირობების უზრუნველყოფა: საწოლების, მედიკამენტების, წყლის და საკვების. ასევე აგიტაცია მათი სწრაფი გათავისუფლებისთვის“, – აცხადებს კატერინა პროკოპენკო.