„აზოვის“ მეთაურის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი რუსეთში გადაიყვანეს, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურებსა და „წითელ ჯვარში“ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს
„აზოვის“ მეთაურის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი რუსეთში გადაიყვანეს, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურებსა და „წითელ ჯვარში“ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს

ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი რუსეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადება დენის პროკოპენკოს მეუღლემ უკრაინულ მედიასთან გააკეთა.

მისი თქმით, ქმრის რუსეთში გადაყვანის შესახებ მან რუსული მედიიდან შეიტყო, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურებსა და „წითელ ჯვარში“ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

„მე მხოლოდ ის ვიცი, რომ დენისი გაიყვანეს რუსეთში და ეს არც დადასტურებულა. მესმის, რომ რუსეთმა „აზოვის“ მეთაურები დამალა და ოფიცრებსაც მალავს, ველოდებით მოვლენების განვითარებას, მაგრამ ეს „წითელი ჯვრის“ საქმეა, რომ პასუხები გამცეს. ამ დრომდე არ ვიცი, ზუსტად სად არის ჩემი ქმარი“, – განაცხადა ეკატერინა პროკოპენკომ.

​ამავე ინტერვიუში ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მეუღლე უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ ელენოვკაში და შესაბამისად, დაღუპული მებრძოლების ვინაობის გადამოწმება ვერ მოხერხდა.