ლეგიონ „აზოვის“ მეთაური აცხადებს, რომ მარიუპოლის დამცველები უმაღლესი სამხედრო მეთაურობის გადაწყვეტილებას ასრულებენ და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ
ლეგიონ „აზოვის“ მეთაური აცხადებს, რომ მარიუპოლის დამცველები უმაღლესი სამხედრო მეთაურობის გადაწყვეტილებას ასრულებენ და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ

ლეგიონ „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო აცხადებს, რომ მარიუპოლის დამცველები უმაღლესი სამხედრო მეთაურობის გადაწყვეტილებას ასრულებენ და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ, – ამის შესახებ პროპოკენტო განცხადებას „ტელეგრამის“ არხით ავრცელებს.

„მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს ყველა სირთულის მიუხედავად, 82 დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის უპირატეს ძალებს საკუთარი თავებისკენ იზიდავდნენ და უკრაინის არმიას გადაჯგუფების, მეტი პირადი შემადგენლობის მომზადების და პარტნიორები ქვეყნებისგან მეტი შეიარაღების მიღების საშუალება მისცეს. ვერცერთი შეიარაღება ვერ იმუშავებს პროფესიონალურად მომზადებული სამხედროების გარეშე, რაც მათ არმიის ყველაზე ღირებულ ელემენტად აქცევს. სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო მეთაურობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს“, – აცხადებს პროკოპენკო.

​ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

შეგახსენებთ,16 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის საკითხზე შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადა. უკრაინული მხრიდან აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურებულა.