მედიის ცნობით, სოხუმის მთავარ საგამოფენო დარბაზში ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ნამუშევარი დაიწვა
სოხუმის მთავარ საგამოფენო დარბაზში ღამით ხანძარი იყო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სრულად განადგურდა აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“.
მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძარი შენობის სახურავზე გაჩნდა. სავარაუდოდ, მიზეზი ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვა გახდა.
მედიასთან კომენტარი გააკეთა ოკუპირებული აფხაზეთის კულტურის ე.წ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დინარა სმირმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ეგზემპლარი დაიწვა, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი.
„ეს არის გამოუსწორებელი დანაკლისი აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის“, – განაცხადა სმირმა.