მედიის ცნობით, რუსეთისა და უნგრეთის მთავრობებმა უნგრეთში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობასა და გაზის დამატებითი მიწოდების შესახებ ახალი შეთანხმებები გააფორმეს
მედიის ცნობით, რუსეთისა და უნგრეთის მთავრობებმა უნგრეთში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობასა და გაზის დამატებითი მიწოდების შესახებ ახალი შეთანხმებები გააფორმეს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ რუსეთში ვიზიტისას ახალი შეთანხმებები გააფორმა.

„როიტერის“ ცნობით, შეთანხმებები უნგრეთში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობასა და გაზის დამატებით მიწოდებას ეხება. რუსეთისა და უნგრეთის მთავრობები შეთანხმდნენ, შეცვალონ ხელშეკრულების პირობები ატომური ელექტროსადგურის „პაკშ-2“-ის ორი ახალი რეაქტორის მშენებლობისა და დაფინანსების თაობაზე.

მხარეები არ აკონკრეტებენ, რა ცვლილებებზეა საუბარი კონტრაქტში, თუმცა ცვლილებების დასამტკიცებლად აუცილებელია დოკუმენტების ევროკომისიაში გადაგზავნა.

შეთანხმებებს სიიარტომ რუსეთის ვიცე-პრემიერთან, მინისტრ ალექსანდრ ნოვაკთან მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერა ხელი.

„ბიბისის“ კორესპონდენტის თქმით, უნგრეთი შეშფოთებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ ამოქმედებულმა სანქციებმა, შესაძლოა, შეაფერხოს „პაკშ-2“-ის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა.

ამასთან, სიიარტოს ვიზიტის დროს, მოსკოვი და ბუდაპეშტი წელს უნგრეთში რუსული გაზის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობებზეც შეთანხმდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ნატო-სა და ევროკავშირის წევრია, ქვეყანა მაინც ინარჩუნებს ეკონომიკურ კავშირს რუსეთთან და უარს აცხადებს უკრაინისთვის იარაღისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის მიწოდებაზე.

როგორც როიტერი წერს, უნგრეთი განაგრძობს ყოველწლიურად რუსეთისგან 4,5 მილიარდი კუბური მეტრ გაზის მიღებას, რასაც 2021 წელს მოსკოვსა და ბუდაპეშტს შორის დადებული 15-წლიანი ხელშეკრულება ითვალისწინებს.