მედიის ცნობით, ღაზაში ჰოსპიტალზე თავდასხმის გამო, მაჰმუდ აბასმა ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
პალესტინის ოფიციალური პირების განცხადებით, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა გააუქმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ლიდერებთან დაგეგმილი შეხვედრა ღაზის ცენტრში, ჰოსპიტალზე მომხდარი თავდასხმის გამო. ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.
მაჰმუდ აბასს იორდანიის მეფე აბდულა II-სთან და ეგვიპტის პრეზიდენტთან ერთად სამიტში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელიც იორდანიაში იმართება და სადაც მათ მიმდინარე მოვლენები უნდა განეხილათ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ოთხშაბათს ჩავა.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა. „ჰამასი“ საავადმყოფოზე თავდასხმას სამხედრო დანაშაულს უწოდებს. „ჰამასის“ ინფორმაციით, ასობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ წარუმატებლად გასროლილ რაკეტაზე, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა, პასუხისმგებელია „ისლამური ჯიჰადი.“