მედიის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სავარაუდოდ პროტესტს გამოთქვამენ ჩინეთის ელჩის განცხადებაზე, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს ეჭვქვეშ აყენებს
საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების სუვერენიტეტის ნაკლებობასთან დაკავშირებით საფრანგეთში ჩინეთის ელჩის განცხადება ევროპაში გააკრიტიკეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინელი დიპლომატის განცხადება შემაშფოთებელია.
საფრანგეთის საგარეო უწყებამ ჩინეთს მოუწოდა, ღიად განაცხადოს, ასახავს თუ არა ჩინეთის ელჩის განცხადებები პეკინის ოფიციალურ პოზიციას.
დასავლური მედია წერს, რომ 24 აპრილს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სავარაუდოდ, მკვეთრ პროტესტს გამოთქვამენ.
ფრანგულ ტელეკომპანია „ელსიაისთან“ ინტერვიუში საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა, ლუ შაიემ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გაჩენილ ქვეყნებს „არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც დაადასტურებს მათი, როგორც სუვერენული ერების სტატუსს.“
იმავე ინტერვიუს დროს, კითხვაზე, არის თუ არა ყირიმი უკრაინის ტერიტორია, ჩინელმა დეპუტატმა უპასუხა: „ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ უყურებთ პრობლემას. არის ისტორია. ყირიმი თავიდანვე რუსული იყო“, – განაცხადა ლუ შაიემ.