ჰაიკო მაასი - ქართველები ორი წელია, უვიზოდ მოგზაურობენ გერმანიაში, თავად ქართველებს კი, საქართველოში ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზს უკეტავენ
ჰაიკო მაასი - ქართველები ორი წელია, უვიზოდ მოგზაურობენ გერმანიაში, თავად ქართველებს კი, საქართველოში ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზს უკეტავენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთობლივი პრესკონფერენციისას, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები უნდა დასრულდეს.

მისი თქმით, ე.წ. ადმინისტრაციული ხაზის ჩაკეტვით, ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება ეზღუდებათ.

„ქართველები უკვე ორი წელია, უვიზოდ მოგზაურობენ გერმანიაში. თავად ქართველებს საქართველოში კი, ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზს უკეტავენ და ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება მასობრივად ეზღუდებათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ბევრ მათგანს ძალადობრივად აკავებენ და ამას ბოლო უნდა მოეღოს“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით. საქართველოს სუვერენიტეტი არ არის ჩვენთვის ვაჭრობის საგანი“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მისი შეფასებით, გერმანიის ურთიერთობები საქართველოსთან ძალიან მჭიდრო და ნდობით აღსავსეა.

დავით ზალკალიანისა და ჰაიკო მაასის ერთობლივი პრესკონფერენციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.