მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მავალმა „პერსევერანსმა“ მარსზე სიცოცხლის ნიშნები უკვე იპოვა — #1tvმეცნიერება
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მავალმა „პერსევერანსმა“ მარსზე სიცოცხლის ნიშნები უკვე იპოვა — #1tvმეცნიერება

თუ მარსზე სიცოცხლის ნიშნები ნამდვილად არსებობს, არის შანსი, რომ მავალმა „პერსევერანსმა“ ის უკვე იპოვა.

ზედაპირქვეშა რადარული გამოსახულებები მიუთითებს, რომ ის მიკრობული სიცოცხლის ნამარხებს ბრწყინვალე ადგილას ეძებს.

პერსევერანსი ამჟამად სამი მილიარდი წლის ლანდშაფტზე დაგორავს და როგორც მისმა ინსტრუმენტებმა დაადასტურა, დიდი ხნის წინ, მარსის სულ მცირე ერთი კრატერი მაინც იყო წყლით სავსე.

მეცნიერები ძლიერ ეჭვობენ, რომ ეს ადგილი, ეზეროს კრატერი, ერთ დროს მდინარის დელტის სისტემას მოიცავდა, რადგან მის ზედაპირზე დღემდე შეიმჩნევა დამშრალი ტბის ფსკერის ნიშნები, რომელშიც მდინარე ჩაედინებოდა. სწორედ ამიტომ დაჯდა პერსევერანსი 2021 წლის თებერვალში ამ კრატერში.

ახლა, როცა მეცნიერებს ეზეროს კრატერის მტვრიანი გარემოს ქვეშ ჩახედვაც შეუძლიათ, ისე სჯერათ, როგორც არასდროს, რომ პერსევერანსმა უკვე მოიპოვა არამიწიერი სიცოცხლის ნიშნები.

„ორბიტიდან ვხედავთ სხვადასხვა დანალექთა საბადოებს, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვამბობთ, რასაც ვხედავთ, თავის თავდაპირველ მდგომარეობაშია თუ ხანგრძლივი გეოლოგიური ამბის დასასრულს ვხედავთ. იმის გასარკვევად, თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს წარმონაქმნები, საჭიროა ზედაპირქვეშ ჩახედვა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი დევიდ პეიჯი.

პერსევერანსის ბორტზე არსებული შვიდი ინსტრუმენტიდან, ყველაზე მძლავრი ალბათ არის მიწისქვეშ შეღწევადი რადარი, სახელად RIMFAX.

ამ სისტემას შეუძლია, დააფიქსიროს ყინული, წყალი და მარილწყლები ზედაპირიდან 10 მტრის სიღრმეშიც კი; ამავე დროს, ქანებისა და კლდის შრეების რუკას 20 მეტრის სიღრმემდე აკეთებს.

შარშან პერსევერანსი ეზეროს კრატერის დასავლეთ კიდესთან გადაადგილდებოდა და მიწისქვეშეთის შესასწავლად, თავის რადარს იყენებდა.

შეგროვებული მონაცემები უპრეცედენტო ცნობებს გვთავაზობს მარსის მიწისქვეშეთის შესახებ, თანაც იმ ადგილის, სადაც მეცნიერთა აზრით, ადრე ტბა იდგა.

მიწისქვეშა ვიზუალიზაცია ძლიერ მიუთითებს, რომ მეცნიერები მართლები იყვნენ. დამშრალი მდინარის დელტას ქვეშ, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა მიაგნო იმის მტკიცებულებას, რომ ოთხი მილიარდი წლის ასაკის კრატერი, რომელიც ასტეროიდის დარტყმის შედეგად არის წარმოქმნილი, მოგვიანებით აივსო უფრო ახალი დანალექებითა და ქანებით.

აღმოჩენა მხარს უჭერს RIMFAX-ის წინა მონაცემებს სხვა ადგილის შესახებ, რომლებმაც გამოავლინა მოულოდნელი ფერდობები კრატერში არსებულ დანალექთა შრეებში.

შედარებით ახალი დანალექები კრატერში შეიძლება წყალმა ჩაიტანა ან ვულკანური აქტივობის შედეგად მოხვდა, მაგრამ პერსევერანსის ახალი მონაცემები სწორედ წყლის ჰიპოთეზას უჭერს მხარს.

ეზეროს კრატერის დასავლეთ ნაპირის ქვეშ, მიწისქვეშა დანალექების ჰორიზონტალური შრეები წყლიან გარემოში ჩანს დალექილი, დაახლოებით ისე, როგორც დედამიწის ტბებში.

ამ ტბას ეზეროს კრატერის მნიშვნველოვანი ნაწილი ეკავა, შესაძლოა, ნაპირიდან შვიდი კილომეტრის სიღრმეშიც იჭრებოდა, მაგრამ ამის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

ტბაში წყლის დონე დროთა განმავლობაში იცვლებოდა, ზოგჯერ იზრდებოდა, ზოგჯერ კი მცირდებოდა.

როდესაც ტბაში წყლის დონე იკლებდა, წარმოიქმნებოდა დელტის მსგავსი ქსელი. მდინარის ადიდებისას, ტბა ისევ ივსებოდა.

თუ მარსი რაიმეთი მაინც ჰგავს დედამიწას, ასეთი ხანგრძლივი წყლიანი გარემო იდეალური ადგილი უნდა ყოფილიყო მიკრობული სიცოცხლის წარმოსაქმნელად. პერსევერანსმა ამ რეგიონში უკვე გაბურღა რამდენიმე ადგილი და დანალექთა ნიმუშებიც აიღო.

პერსევერანსის მიერ შეგროვებული მტვრისა და ქანების ზოგიერთ ნიმუშში ორგანულ ნაერთთა დამაინტრიგებელი ნიშნებია. თუმცა, იქამდე, ვიდრე სპეციალური მისია არ გაიგზავნება, რომელმაც მავალის მიერ აღებული ეს ნიმუშები დედამიწაზე უნდა ჩამოიტანოს, შეუძლებელია გადაჭრით ითქვას, ეს ნაერთები ბიოლოგიური წარმომავლობისაა თუ გეოლოგიური.

„მოვლენათა ასეთი თანმიმდევრობა აძლიერებს მოსაზრებას, რომ ეზეროს კრატერს მდიდარი გეოლოგიური ისტორია აქვს, რასაც მარსის გარემოს ფართომასშტაბიანი ცვლილებები წარმართავდა. ამ მოვლენათა სრულყოფილად გაგებას პერსევერანსის მიერ შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა და ანალიზი დასჭირდება“, — წერს მკვლევართა ჯგუფი.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.