მიუხედავად იმისა, რომ მასზე მოდის მსოფლიოში სოკოსთან დაკავშირებულ ფატალურ შემთხვევათა 90 პროცენტზე მეტი, ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ არის შხამასოკო (Amanita phalloides) ასე მომაკვდინებელი. ეს კი ართულებს მისი ტოქსიკური ეფექტების პრევენციის გზების პოვნას.
საბედნიეროდ, ახლახან, მეცნიერებმა სავარაუდოდ გამოავლინეს ნივთიერება, რომელმაც შეიძლება ამ სახელგანთქმული სოკოს შხამის წინააღმდეგ ანტიდოტის სახით იმოქმედოს. უფრო უკეთესი ამბავი კი ის არის, რომ კანდიდატი, სახელად ინდოციანინის მწვანე უკვე დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ და სამედიცინო დიაგნოსტიკის გამოსახულებებში საღებავად გამოიყენება.
მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ჩინეთის სუნ იატსენის უნივერსიტეტის ქიმიკოსები, გუოჰუი ვანი და სიაპინგ ვანგი ხელმძღვანელობდნენ, აჩვენა, რომ ამ ქიმიურ ნივთიერებას შხამასოკოს მთავარი მომაკვდინებელი ტოქსინის, α-ამანიტინის სიმძლავრე ადამიანის უჯრედულ ხაზებსა და თაგვებში, რაც ეფექტიანად ბლოკავს α-ამანიტინით გამოწვეულ უჯრედულ სიკვდილს.
სწორედ შხამასოკოა მიზეზი იმისა, რატომ არ უნდა ჭამოთ ნებისმიერი სოკო, რომელსაც ტყეში მოკრეფთ. ევროპული წარმოშობის ეს სოკო ახლა მთელ მსოფლიოში გვხვდება. ისინი გარეგნულად მიმზიდველია, ძლიერ ჰგვანან სხვა, საკვებად ვარგისი სოკოს სახეობებს და ხშირად, ადამიანები მათ კრეფენ და ჭამენ.
გემოში შხამის არანაირი ნიშანი არ აქვს, სიმპტომები ნელა ვლინდება და შესაბამისად, ძალიან ადვილად შეიძლება გადაყლაპო სასიკვდილო დოზა. ჭამიდან რამდენიმე საათში პაციენტს სიმპტომები უვითარდება კუჭ-ნაწლავის მოქმედებაში, რაც ერთ-ორ დღეში გაივლის, რითაც ის შეიძლება მოტყუვდეს, რომ ყველაფერი კარგად არის.
ყველაფერი კარგად ნამდვილად არ არის. მონელების მომენტიდან, სოკოს ტოქსინები ღვიძლის ჭამას იწყებს და ჩნდება სიმპტომები, რომლებიც ამ ორგანოს სერიოზულ დაზიანებაზე მიუთითებს. სამედიცინო ჩარევის გარეშე, ზოგჯერ კი ზედმიწევნით მოვლის შემთხვევაშიც, შხამასოკოს ტოქსინებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, ხანდახან კი თირკმელებისაც, რაც სიკვდილით სრულდება.
ამ კონკრეტული სოკოს შხამიანობის გასანეიტრალებლად, მკვლევრებმა მრავალსაფეხურიანი მიდგომა გამოიყენეს. პირველ რიგში მიმართეს გენომის მასშტაბის CRISPR სკრინინგს ადამიანის HAP1 უჯრედულ ხაზზე, რათა α-ამანიტინის გამანადგურებელი გავლენა შეესწავლათ. ამ მეთოდმა გამოავლინა გენები, რომლებიც ერთად მუშაობენ მათი რღვევით და ეძებდნენ ცვლილებებს, რომლებმაც შეიძლება, უჯრედებში წარმოაჩინოს გზები, რომლებზეც ტოქსინი ახდენს გავლენას. მაგალითად, 2019 წელს, ამ მეთოდით, მეცნიერებმა გამოავლინეს კუბომედუზების შხამის მოლეკულური მექანიზმი და მის მოქმედებაში ჩარევის საშუალებაც შექმნეს.
α-ამანიტინზე ჩატარებული სკრინინგის შედეგად, მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ტოქსინით გამოწვეულ უჯრედულ კვდომაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ცილის, სახელად N-გლიკანების ბიოსინთეზი. შემდეგმა კვლევებმა კი ცხადყო, რომ ფერმენტი, სახელად STT3B, რომელიც N-გლიკანების სინთეზისთვის არის საჭირო, გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო α-ამანიტინის ტოქსიკურობისთვის.
ამის შემდეგ, სკრინინგი ჩაუტარეს ანტიდოტის კანდიდატებს, FDA-ს მიერ უკვე დამტკიცებულ ნივთიერებებს. ასე გამოავლინეს პოტენციური ინჰიბიტორი — STT3B, იგივე ინდოციანინის მწვანე.
ერთადერთი, რაც რჩებოდა, იყო აღმოჩენის დატესტვა. ტესტები კვლევის მრავალ ხაზზე ჩატარდა და მოიცავდა როგორც ადამიანებს, ისე თაგვებს. ინდოციანინის მწვანეთი წინასწარ დამუშავების შემდეგ, α-ამანიტინით გამოწვეული უჯრედული კვდომისადმი გაცილებით რეზისტენტული აღმოჩნდა ადამიანის ორი უჯრედული ხაზი HAP1 და Hep G2.
შემდეგ დაამუშავეს თაგვის ღვიძლის ორგანოიდები. უჯრედული კვდომისადმი მათაც დიდი რეზისტენტულობა აჩვენეს.
და ბოლოს, მკვლევრებმა დატესტეს ცოცხალი თაგვებიც. ინექციით ჯერ ტოქსინი შეუყვანეს, ოთხი საათის შემდეგ კი ინდოციანინის მწვანით უმკურნალეს, რათა მოწამლული ადამიანის მკურნალობისთვის მიებაძათ. ამასობაში, მკვლევრები თაგვების ორგანოებს აკვირდებოდნენ. არანამკურნალებებ, საკონტროლო თაგვებთან შედარებით, ნამკურნალებ თაგვებს ნაკლებად აღენიშნათ ორგანოების დაზიანება და უჯრედების კვდომა, მაღალი იყო გადარჩენის შანსი.
თუმცა, მოწამვლიდან 8 და 12-საათიანი ინტერვალით მკურნალობისას, ინდოციანინის მწვანემ სამკურნალო ეფექტი დაკარგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შეუქცევადი დაზიანება უფრო ადრე ხდება და შხამასოკოთი მოწამვლის შემთხვევაში, მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა მოხდეს.
დამატებითი კვლევებია საჭირო, რათა განისაზღვროს, როგორ ბლოკავს ინდოციანინის მწვანე α-ამანიტინს. ასევე უნდა შეფასდეს, რამდენად უსაფრთხოა ადამიანებში მისი ადმინისტრირება. თუმცა, ადრეული შედეგები საკმაოდ იმედისმომცემია და ანტიდოტს არც თუ ისე შორეულ მომავალში გვპირდება.
ამ ბმულზე, ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ რჩევები, თუ როგორ გაარჩიოთ შხამა სოკო საკვებად ვარგისისგან. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა მაინც ის არის, რომ არ შეჭამოთ ნებისმიერი სოკო, რომელსაც ტყეში იპოვით.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.