მეცნიერებმა ღამურებში ექვსი ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ღამურებში ექვსი ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს

მიანმარში, სმიტსონის ჯანდაცვის გლობალური პროგრამის მკვლევრებმა ღამურებში ექვსი ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ვირუსები მსოფლიოში სადმე დააფიქსირეს. სხვა სახეობებზე გადადების შესაძლებლობას და შესაბამისად, რისკებს ადამიანთა ჯანმრთელობისადმი, სამომავლო კვლევები შეაფასებს. კვლევის ავტორთა განცხადებით, ახლად აღმოჩენილი კორონავირუსები ახლოს დაკავშირებული არ არის მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS CoV-1), ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) და COVID-19-ის (SARS-CoV-2) გამომწვევ კორონავირუსებთან.

კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა და სამეცნიერო საზოგადოებას დაეხმარება ღამურებში არსებული კორონავირუსების მრავალფეროვნების შესწავლაში, გამოვლენასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საშიში ინფექციური დაავადებების პრევენციაში; ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც COVID-19-ის პანდემია მიმდინარეობს.

„ვირუსული პანდემიები შეგვახსენებს, რამდენად ახლო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობა ველური ბუნებისა და გარემოს ჯანმრთელობასთან“, — ამბობს კვლევის ავტორი, სმიტსონის ჯანდაცვის გლობალური პროგრამის ველურ ცხოველთა ყოფილი ვეტერინარი.

მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში იზრდება ადამიანების კონტაქტი ველურ ბუნებასთან და შესაბამისად, რაც უფრო ბევრი გვეცოდინება ცხოველთა ვირუსების შესახებ, თუ კარგად შევისწავლით, რის გამო განიცდიან ისინი მუტაციას და როგორ ვრცელდებიან სხვა სახეობებში — მით უფრო უკეთესად შევძლებთ პანდემიების პოტენციალის შემცირებას.

ახალი ვირუსები მეცნიერებმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც პროექტ PREDICT-ის ფარგლებში ცხოველებისა და ადამიანების ბიომთვალყურეობას ახორციელებდნენ, რათა უკეთ შეესწავლათ დაავადების ცხოველიდან ადამიანზე გადასვლის გარემოებები. PREDICT-ი არის USAID-ის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, რომელიც მიმართულია ცხოველებიდან ადამიანებში გავრცელების პოტენციალის მქონე პათოგენების აღმოჩენისა და ზედამხედველობისკენ. PREDICT-ის მიანმარის ჯგუფი შედგება მეცნიერებისგან სმიტსონის ინსტიტუტიდან, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, მიანმარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, მიანმარის ჯანდაცვისა და სპორტის სამინისტროდან და მიანმარის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროდან.

ჯგუფი კვლევებს ძირითადად აწარმოებს მიანმარის ისეთ ადგილებში, სადაც მიწათსარგებლობითა და განვითარებით გამოწვეული ცვლილებების გამო ადამიანებს ადგილობრივ ველურ ბუნებასთან უფრო ახლო კონტაქტი აქვთ. 2016-2018 წლებში ასეთ ზონებში მათ ღამურების ნერწყვისა და ფეკალიების 750-ზე მეტი ნიმუში შეაგროვეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ღამურებში წარმოდგენილია ათასობით კორონავირუსი, რომელთა უმრავლესობაც ჯერ აღმოჩენილი არ არის.

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ნიმუშები გატესტეს და უკვე ცნობილ კორონავირუსებს შეადარეს, პირველად ისტორიაში, გამოავლინეს ექვსი ახალი, აქამდე უცნობი კორონავირუსი. მათ ასევე დააფიქსირეს კორონავირუსი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველგან გვხვდება, მაგრამ მიანმარში ამ დრომდე არ იყო აღმოჩენილი.

კორონავირუსები ადამიანებში მრავალ სხვადასხვა დაავადებას იწვევენ, მათ შორის იყო SARS-ი, MERS-ი და ამჟამინდელი გლობალური პანდემია COVID-19. კვლევის ავტორთა განცხადებით, ახლად აღმოჩენილი კორონავირუსები არ გახლავთ SARS CoV-1-ის, MERS-ის ან SARS-CoV-2-ის ახლო ნათესავები. სხვა ცხოველებსა და ადამიანებში გადასვლის პოტენციალის შესაფასებლად, საჭიროა დამატებითი კვლევები.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, ეს აღმოჩენა ხაზს უსვამს ზოონოზური დაავადებების მეთვალყურეობის მნიშვნელობას, რადგან ისინი ველურ ბუნებაში ხდება. ამ კვლევის შედეგებს სახელმძღვანელოდ გამოიყენებენ ღამურების პოპულაციების სამომავლო მეთვალყურეობისას, რათა უკეთესად დააფიქსირონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოტენციური ვირუსული საფრთხეები.

„მრავალი კორონავირუსი ადამიანისთვის შეიძლება რისკს სულაც არ შეიცავდეს, მაგრამ როდესაც მათგან გამოწვეულ დაავადებებს ცხოველებში, მათ წყაროში ადრეულ ეტაპზევე ვაფიქსირებთ, ბრწყინვალე შესაძლებლობა გვაქვს მათი პოტენციური საფრთხეების შესასწავლად. ფხიზელი მეთვალყურეობა, კვლევა და განათლება ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო იარაღია პანდემიების დაწყებამდე აღმოსაფხვრელად“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, სმიტსონის ჯანდაცვის გლობალური პროგრამის დირექტორი სიუზენ მიურეი.

კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.