მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ გველის ეს სახეობა ყირაზე გადადის და ისე გარბის — #1tvმეცნიერება
12:54, 06.04.2023
როდესაც პატარა და დაკლაკნილი ხარ, დაგრეხილი კუნთებით, ეშვებითა და ძვლებით, გასაჭირში ყოფნისას გამოსავალი შეიძლება არც ისე ბევრი გქონდეს.
სწორედ ამიტომ ჩამოუყალიბდა ლერწმის ჯუჯა გველს (Pseudorabdion longiceps) გაქცევის უნიკალური გზა. საფრთხის მოახლოებისას, ეს პატარა, სამხრეთაზიური გველი სწრაფად იწყებს ყირაზე გადასვლით მოძრაობებს, რაც მის გაქცევას უფრო აჩქარებს.
ახალ კვლევაში პირველად შეძლეს ცხოველებში იშვიათად შემჩნეული ამ უცნაური ქცევის გველებში დოკუმენტირება.
„დეტალურად აღვწერეთ გველების ამ სახეობაში გაქცევის ახალი ქცევა — ყირაზე გადასვლა. ამ ქცევის შესახებ აქამდე მხოლოდ ანეკდოტური ცნობები არსებობდა და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დოკუმენტირება ფოტოებით და დეტალური აღწერით მოხდა“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც მალაიზიის საბაჰის უნივერსიტეტის ბიოლოგი ევან სენგ ჰუატ ქუაჰი ხელმძღვანელობდა.
გველებს სხვა მტაცებლებისგან თავის დაღწევის რამდენიმე სტრატეგია აქვთ. მათ შორის არის კამუფლაჟირება, თავის მომკვდარუნება, გაქცევა, აგრესია და თავდაცვითი პოზა. თუმცა, მტაცებლებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან პატარა გველები.
ლერწმის ჯუჯა გველი იდუმალი, ღამის ცხოველია, რომელიც დღისით ფოთლებში ან მორების ქვეშ იმალება. სიგრძეში სულ რაღაც 23 სანტიმეტრი იზრდება და ბრწყინვალე სანადირო სამიზნეა ფრინველებისა და სხვა გველებისთვის.
2019 წლის აგვისტოს ერთ საღამოს, მალაიზიის მთებში გამავალ გზაზე მკვლევრები ერთ-ერთ ასეთ გველს გადააწყდნენ. მიახლოებისას, დამფრთხალი გველი გადატრიალდა და ყირაზე გადასვლების სერიით დაიწყო გაქცევა.
„მიახლოებისას გველი დაფრთხა, სხეულის ხვეულები მარყუჟებივით ამოწია და გორაობით დაიწყო გაქცევა. სულ რაღაც ხუთ წამში, გველი გზაზე 1,5 მეტრის მანძილზე გადავიდა ყირაზე. დაღმართი იყო და სიჩქარეც სწრაფად აკრიფა“, — აღწერენ მკვლევრები.
მკვლევრებს გველს ბევრი არ ახალეს, დაიჭირეს და ბრტყელ მიწაზე დასვეს, სადაც მან იგივე ქცევა მრავალჯერ გაიმეორა, რითაც დადასტურდა, რომ გაქცევის ეს მეთოდი სულაც არ იყო შემთხვევითი, უბრალოდ შიშითა და გრავიტაციით გამოწვეული. მკვლევრებმა ყველაფერი აღწერეს, გადაიღეს ფოტოები და შემდეგ შეისწავლეს, ზუსტად როგორ ახერხებდა გველი ამას.
გველმა მოძრაობა დაიწყო სხეულის S-ის ფორმის მიღებით, შემდეგ, კუდის მიწაზე დარტყმით სხეულის წინა ნახევარი ჰაერში ატყორცნა. გველი მთლიანად ჰაერში აიწია; როდესაც თავი მიწას შეეხო, კუდი წინ გამოსრიალდა, თავი და კისერი კი კვლავ ჰაერში აიტყორცნა. მანევრები მეორდებოდა და გველი წინ მიიწევდა.
ამ ყველაფერს შეგიძლიათ კემპერების მიერ გადაღებულ ვიდეოში უყუროთ; გველი გაქცევას 1:50 წუთზე იწყებს.
მკვლევართა განცხადებით, ამ უცნაურ ქცევას შეიძლება მრავალი სარგებელი ჰქონდეს. ასეთი მოძრაობა გველს უფრო სწრაფად გაქცევაში ეხმარება. ადგილიდან უცაბედმა მოწყვეტამ შეიძლება დააბნიოს მტაცებლებიც.
გველები საკმაოდ მოუხელთებელი არსებები არიან და სულაც არ არის გასაკვირი, რომ მათ შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.