მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მუხრან მაჭავარიანი გაიხსენეს [ვიდეო]
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ცნობილი ქართველი პოეტ-აკადემიკოსი მუხრან მაჭავარიანი გაიხსენეს.
დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, აკადემიკოსები და ენათმეცნიერები.
გამომსვლელებმა მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებაზე, მნიშვნელობასა და მემკვიდრეობაზე ისაუბრეს.
პოეტი 1929 წლის 12 აპრილს საჩხერის სოფელ არგვეთში დაიბადა. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ „პიონერის” მთავარი რედაქტორი, 1967-1982 წლებში ჟურნალ „დილას” მთავარი რედაქტორი, 1982 წლიდან ალმანახ „საუნჯის” მთავარი რედაქტორი.
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ „პირველ სხივში.”