რომან გოცირიძე ინიციატივით გამოდის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსებისა და ქონების საკითხები ახლებურად ჩამოყალიბდეს
რომან გოცირიძე ინიციატივით გამოდის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსებისა და ქონების საკითხები ახლებურად ჩამოყალიბდეს

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ინიციატივით გამოდის, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსებისა და ქონების საკითხები ახლებურად ჩამოყალიბდეს.

შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

დეპუტატი განმარტავს, რომ, დღეს მოქმედი კანონით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და მასში იგულისხმება როგორც აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების ანაზღაურება, ასევე აკადემიის აპარატის ხარჯებიც. წარმოდგენილი კანონპროექტით კი იმ ნორმატიული შინაარსის ჩანაცვლება მოხდება, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას, აკადემიის წევრებთან ერთად, მის აპარატზეც ავრცელებს.

„ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს მხოლოდ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის იმ ნამდვილ წევრებს, წევრ-კორესპონდენტებსა და სტიპენდიატებს, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისინი აღარ მიიღებენ სხვა ტიპის ფინანსურ სახსრებს, მაგალითად, როგორიცაა საქონლისა და მომსახურების ხარჯები, აპარატის შრომის ანაზღაურება და სხვა. გარდაქმნის პერიოდში, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე მოცემულმა აკადემიებმა უნდა მოახდინონ ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოეძიება და გადავიდნენ თვითდაფინანსებაზე.

როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ისე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების დაახლოებით 45 პროცენტი მოდის ნამდვილი წევრების, წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატების ანაზღაურებაზე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი დაზოგავს მოცემული აკადემიებისთვის გამოყოფილი ასიგნებების, სულ მცირე, 55 პროცენტს.

„ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (2024-2027 წლები)“ მიხედვით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2025-2027 წლებში შეადგენს საშუალოდ 5.3 მლნ. ლარს, ხოლო 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება 2022-2024 წლებში – 1.3 მლნ ლარს“, – განმარტავს რომან გოცირიძე.