იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის ახალ პლატფორმას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით,  საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტებს, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და საჯარო დისკუსიებს; გამოაქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნესა“ და იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციაში“ (Iustitia).

მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ.

„მეცნიერებათა აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება კიდევ ერთი ნაბიჯია სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობისათვის, რაც იუსტიციის სამინისტროს 2022-2024 წლების სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ უკვე არაერთი აქტივობა განახორციელა:

· დაფუძნდა ორენოვანი სამართლებრივი ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის ორი ნომერი უკვე ხელმისაწვდომია;

· იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა და სხვადასხვა დარგის გამოჩენილი სპეციალისტებით დაკომპლექტდა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც იუსტიციის მინისტრისთვის წარსადგენად კანონპროექტებს, კონცეფციებს, დასკვნებსა და მოსაზრებებს შეიმუშავებს;

· ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტები გაფორმდა საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებთან“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.