ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიში ჩაძირული ტურისტული ნავის ნაწილი ნაპირზე ამოიტანეს. ნავში დაკარგული ოთხი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
გარდაცვლილთა უმრავლესობა სამხრეთ კორეელი ტურისტები არიან, ორი კი ეკიპაჟის წევრია. დაკარგულად კიდევ ოთხი ადამიანი ითვლება.
ტრაგედია დუნაიზე 29 მაისს მოხდა. მცირე ზომის ტურისტული ნავი მდინარე დუნაიზე რეისს ახორციელებდა, როდესაც ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობასთან ახლოს მას უკნიდან ძვირადღირებული გემი დაეჯახა.
ტურისტული ნავი ავარიიდან რამდენიმე წამში ჩაიძირა, რომლის ბორტზე სულ 35 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან მხოლოდ შვიდი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გემის კაპიტანი – უკრაინის მოქალაქე დააკავეს.