უნგრეთში იმ გემის კაპიტანი დააკავეს, რომელიც ტურისტულ გემს შეეჯახა
უნგრეთში იმ გემის კაპიტანი დააკავეს, რომელიც ტურისტულ გემს შეეჯახა

უნგრეთში, მდინარე დუნაიზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გემის კაპიტანი დააკავეს. ამის შესახებ დასავლური მედია უნგრეთის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

აღნიშნული ძვირადღირებული გემი, სამხრეთ კორეელი ტურისტებით სავსე ნავს 29 მაისს დაეჯახა. გამოძიების სხვა დეტალები ჯერ არ საჯაროვდება. ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ გემის 64 წლის კაპიტანი ეროვნებით უკრაინელია. მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს უყურადღებო ქცევაში ადანაშაულებენ, რამაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი გამოიწვია.

მცირე ზომის ტურისტული ნავი მდინარე დუნაიზე ტურისტულ რეისს ახორციელებდა, როდესაც ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობასთან ახლოს მას უკნიდან ძვირადღირებული გემი დაეჯახა. ტურისტული ნავი ავარიიდან რამდენიმე წამში ჩაიძირა.

ბორტზე სულ 35 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო უნგრეთის ორი მოქალაქე. ისინი ეკიპაჟის წევრები იყვნენ. ბორტზე ასევე იმყოფებოდა 31 სამხრეთ კორეელი ტურისტი და ორი გიდი. ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ამავე რაოდენობის პირების გადარჩენა მოხერხდა. 21 ადამიანს კი, მაშველები ამ დრომდე ეძებენ. როგორც შესაბამისი სამსახურები იუწყებიან, მათი გადარჩენის შანსი მინიმალურია.