მცხეთასთან ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები ტერიტორიას ტოვებენ.
აქციის მონაწილეებს დაშლისკენ არჩილ ტატუნაშვილის მამამ მოუწოდა.
გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და ამ პერიოდში აქციებს შეწყვეტენ.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მცხეთასთან ცენტრალური მაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი გარდაცვლილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას ითხოვდნენ.
ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.