მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს
მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო პროექტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით შემუშავდა.

ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები და კაფეტერია.

პროექტის ფარგლებში, არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის – „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდება.

ამასთან, მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყობა და აღიჭურვება გარე განათებით, ავტოსადგომითა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით.

2019 წლიდან, სამუშაოების დასრულების შემდეგ , მცხეთის ძველ კინოთეატრში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი განთავსდება, სადაც 23 000-მდე არტეფაქტი იქნება წარმოდგენილი.

ამჟამად, კოლექციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი – ძვირფასი ლითონების კოლექცია დროებით ეროვნულ მუზეუმშია წარმოდგენილი. დარჩენილი ნაწილი კი, მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება.

პროექტზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუშაობს. ფონდის ცნობით, პროექტის ღირებულება 9 მილიონ ლარს აჭარბებს.