მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
გუდამაყარში, სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი შენდება. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს რწმუნებული შალვა კერესელიძე ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმის მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ორსართულიანი შენობა აშენდება, რომელშიც გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა და მუზეუმის აღჭურვა.
„გოდერძი ჩოხელი ნიჭიერი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი იყო, რომლის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს. სახლ-მუზეუმი ჩვენს მოქალაქეებს, ჩამოსულ ტურისტებს, გოდერძის შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო ახლოს გაეცნონ მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას“, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით და მისი ღირებულება 397 000 ლარს შეადგენს.