გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი ჩაირთო
გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი ჩაირთო

გუდამაყრის ხეობაში დღეს ინტერნეტი ჩაირთო.

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ჩართულობით, ორ ეტაპად ხორციელდება.

პროექტის დასრულების შედეგად ინტერნეტით დაფარული იქნება ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის 76 სოფელი, 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი.

პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა მაღაროსკარისა და უკანა ფშავის ხეობების, ასევე ბარისახოს და ე.წ. გორშეღმის ხეობების (გუდანისა და როშკის მიმართულებების გარდა) ქსელის აგება და აბონენტების ჩართვა.

მიმდინარე პერიოდში სატესტო რეჟიმში ჩართულია 120 აბონენტი. ასევე ინტერნეტში ეტაპობრივად ჩასართავად მზადაა გუდამაყრის ხეობის სოფლების უმეტესობა.

საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინტერნეტიზაციის პროექტის საშუალებით 2017 წლიდან ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა თუშეთის 24 სოფელსა და ოთხ ხეობაში.

„საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს მაღალმთიანი რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, ამ მიზნით დაწყებულ სხვადასხვა პროექტს შორისაა ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტი“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.