რა ვითარებაა გუდამაყრის ხეობაში, სადაც კლდე ჩამოიშალა და 22 დასახლება გარესამყაროს არის მოწყვეტილი [ფოტო]
რა ვითარებაა გუდამაყრის ხეობაში, სადაც კლდე ჩამოიშალა და 22 დასახლება გარესამყაროს არის მოწყვეტილი [ფოტო]

გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ოშპიტელთან, სადაც კლდე ჩამოიშალა, მობილიზებულია 112-ის სამსახური და პოლიცია, რომლებიც ტერიტორიას აკონტროლებენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე იმყოფება მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. მისი განცხადებით, ხვალ დილას ელოდებიან გეოლოგების ჯგუფს და ექსპერტებს, რომლებიც ვითარებას შეისწავლიან. სწორედ მათი რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყებს სპეციალური ტექნიკა იქ მუშაობას.

რწმუნებულის განცხადებით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ნაშალმა კლდემ მთლიანად ჩახერგა საავტომობილო გზა, რის გამოც, ამ დროისთვის 22 დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას სოციალური თუ ჯანდაცვის მიმართულებით დახმარება აღმოუჩინონ.

მისივე განმარტებით, კლდოვანი მასა რაიმე მექანიკური ზემოქმედების შედეგად არ ჩამოშლილა, რადგან ტერიტორიაზე არანაირი სახის სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინაროებს. წინასწარი ინფორმაციით, კლდის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია.