უეფას ახალი ტურნირი, ერთა თასის გათამაშება 6 სექტემბერს იწყება. მანამდე კი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი ამბები მოხდა – ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს ნაკრების ორი ლიდერი დაუბრუნდა.
ლევან მჭედლიძემ ლამის წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ იტალიის თასის 1/32-ფინალში ითამაშა. მისმა გუნდმა “ემპოლიმ” “ჩიტადელასთან” საშინაო მატჩი 0:3 წააგო და რადგან იტალიაში ამ ეტაპზე ერთმატჩიანი სათასო დაპირისპირებებია, გათამაშებას გამოეთიშა. “ჯვაროსნების” თავდამსხმელი თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო.
შარშან, შემოდგომაზე მიღებული ტრავმის შემდეგ, თორნიკე ოქრიაშვილმაც ოფიციალური შეხვედრა პირველად ჩაატარა. ფორმაში შესასვლელად 26 წლის შემტევი ნახევარმცველი “კრასნოდარის” სათადარიგო შემადგენლობაში ათამაშეს “ჩერტანოვოს” წინააღმდეგ – თორნიკე ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.