„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე რამდენიმე დეპუტატის კითხვები შესყიდვების ნაწილს, კომერციულ რეკლამასა და სტარტაპებს შეეხო
„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე რამდენიმე დეპუტატის კითხვები შესყიდვების ნაწილს, კომერციულ რეკლამასა და სტარტაპებს შეეხო

„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან მიმართებაში პარლამენტის წევრთა მიერ დასმული კითხვები ძირითადად შესყიდვების ნაწილს, კომერციული რეკლამის დაშვებასა და სტარტაპების საკითხს შეეხო.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცვლილებებზე მსჯელობა პირველი მოსმენით გაიმართა, სადაც კითხვების დასმისას ძირითადად საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი აქტიურობდა.

დეპუტატი ლევან კობერიძე ცვლილებებთან მიმართებაში რამდენიმე საკითხით დაინტერესდა და იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენამდე გარკვეული საკითხები შეჯერებული და გათვალისწინებული იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარგობრივი კომიტეტის უმრავლესობა პროექტს არსებული სახით მხარს ვერ დაუჭერს.

„კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ ბაზარი ისედაც საკმაოდ მყიფეა და ბაზარზე სხვა კომერციული არხებისთვის სარეკლამო თანაბარი უფლებების ქონას და სარეკლამო ბაზრიდან მიღებულ შემოსავლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა დამოუკიდებელმა მედიამ არსებობა შეძლოს და შესაბამისად, ობიექტური გადაცემები გააკეთოს. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების მიცემა საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაშინ როდესაც, მათ სპორტულ გადაცემებში ეს უფლება ისედაც აქვთ. მეორე კითხვა სტარტაპებს ეხება. მგონი, კითხვის ნიშნები არც უნდა იყოს, რადგან სტარტაპებზე სახელმწიფოს უკვე საკმაოდ წარმატებული პრაქტიკა აქვს და ამ კანონპროექტიდან ეს მუხლი ამოსაღებია. ამასთან, კიდევ სხვა დამატებით კითხვებია, რომლებზეც ჩვენ კომიტეტის ფარგლებში საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენამდე, ეს საკითხები შეჯერებული იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე მოსმენის დროს, ჩვენი კომიტეტის უმრავლესობა ამ კანონპროექტს ამ სახით მხარს ვერ დაუჭერს“, – დასძინა კობერიძემ.

კობერიძის მსგავსად, უმრავლესობის წევრების რევაზ არველაძისა და გუგული მაღრაძის კითხვებიც შესყიდვების ნაწილს, სტარტატების თემას შეეხებოდა, რომელთაც აღნიშნეს, რომ ეს რეგულაციები საფრთხეს შეიცავს.

ამასთან, გუგული მაღრაძე ასევე დაინტერესდა იმით, ბიუჯეტის გაუხარჯავი რა რაოდენობა შეიძლება იყოს გადატანილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგი წლის ბიუჯეტში.

რაც შეეხება ოპოზიციას, კითხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმაც დასვა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პრობლემაა, რომ შესყიდვების კანონი ნაწილობრივ საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ ვრცელდება.

„აცნობეირებთ თუ არა იმას, რომ კორუფციის რისკი იზრდება. მით უმეტეს, რომ ეს ბმაშია სხვა მუხლთან და საუბარია კომერციულ საიდუმლოებაზე, რაც გამჭვირვალეობის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯია. გარკვეული ინფორმაცია შეიძლება დამალული იყოს იმ მოტივით, რომ ეს არის კომერციული საიდუმლოება. ბორდის უფლებამილებები მცირდება, რაც ბმაშია სტარტაპების პროგრამების დაფინანსებასთან, სადაც აშკარაა, რომ რისკი დაკავშირებულია პროტექციონიზმთან. კომერციული რეკლამა მედია გარემოს გარკვეულ სარფრთხეებს აშკარად უქმნის, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფოდან თანხები ეძლევა, რომელიც თანდათანობით უკონტროლო ხდება“, – დასძინა რატიანმა.