პაველ ჰერჩინსკი - გასული კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ცხადად არის ბევრი დადებითი მოვლენა, მათ შორის „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა
პაველ ჰერჩინსკი - გასული კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ცხადად არის ბევრი დადებითი მოვლენა, მათ შორის „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა

გასული კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ცხადად არის აჩქარება და ბევრი დადებითი მოვლენა, მათ შორის არის „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა, ზოგიერთ სამოქალაქო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„მე ასევე მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ იყო წარმატებული, რადგან როგორც ჯოზეფ ბორელმა აქ, თბილისში თქვა, იმპიჩმენტის პროცესმა, სამწუხაროდ, პოლარიზაცია გაზარდა. გაფართოების პირველ ანგარიშამდე დარჩენილია ორი კვირა და ვიმედოვნებ, დადებითი მოხსენება იქნება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, ყველა დღე მნიშვნელოვანია წინსვლისთვის, მნიშვნელოვანია ევროკავშირის 27 წევრისთვის საჩვენებლად, რომ საქართველო, საქართველოს ლიდერები, საქართველოს პოლიტიკური კლასი სერიოზულად ეკიდება ევროკავშირთან შეძლებისდაგვარად დაახლოებას.

„კანდიდატის სტატუსისთვის ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ, ჩემი აზრით, მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ანგარიშამდე ორი კვირაა დარჩენილი. თუ თქვენ შეხედავთ პირველ პრიორიტეტს, პოლარიზაციას, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ჯერ კიდევ აქ არის, ჯერ კიდევ არსებობს. როდესაც საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, არსებობს სამოქმედო გეგმა, მაგრამ ის აღწერს იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას სამომავლოდ. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მნიშვნელოვანი განხორციელება. ასე რომ, ჭიქა ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელია. ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცხადი სურვილია, დაუახლოვდნენ ევროკავშირს, ჰქონდეთ წინსვლა, მიიღონ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა დაველოდოთ დეკემბრის შუა რიცხვებს და არ გავფლანგოთ დრო. ყველა დღე მნიშვნელოვანია წინსვლისთვის, მნიშვნელოვანია ევროკავშირის 27 წევრისთვის საჩვენებლად, რომ საქართველო, საქართველოს ლიდერები, საქართველოს პოლიტიკური კლასი სერიოზულად ეკიდება ევროკავშირთან შეძლებისდაგვარად დაახლოებას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.