მათემატიკაში გოგონათა ევროპის ოლიმპიადას 2021 წელს ქუთაისი უმასპინძლებს
მათემატიკაში გოგონათა ევროპის ოლიმპიადას 2021 წელს საქართველო, ქუთაისი უმასპინძლებს. წელს ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა უკრაინა იყო. სწორედ კიევში გახდა ცნობილი, თუ სად ჩატარდებოდა ოლიმპიადა მომდევნო ორი წელიწადში.
რაც შეეხება მიმდინარე წლის ოლიმპიადას, საქართველოს გოგონათა ნაკრებმა საკუთარი შედეგი გააუმჯობესა და ისტორიაში პირველად ოქროს მედალი მოიპოვა. ოქროსმედალოსანი, კომაროვის სკოლის მოსწავლე ანა ონოფრიშვილი გახდა.
რაც შეეხება სხვა შედეგებს, თამარ კორკოტაშვილმა და მარიამ ივარდავამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ქეთი სულამანიძემ კი, საპატიო სიგელი მიიღო.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ევროპის ქვეყნებს შორის მერვე, ხოლო საერთო ჩათვლაში მე-11 ადგილზე გავიდა, რითაც შარშანდელი შედეგი ოთხი საფეხურით გააუმჯობესეს.
წელს ოლიმპიადაში მონაწილეობა ევროპის 36 ქვეყნის, სულ კი, მსოფლიოს 49 ქვეყნის გუნდებმა მიიღეს. საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს.