მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის მთის ფერდობზე ტყის ქვედა საფარი იწვის.
როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ცეცხლი სოფელ სალხინოს ზედა მხარეს, ბალდის მთის ფერდობზეა გავრცელებული.
მერიის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული ადგილიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული და ჯერჯერობით მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. უწყების ცნობით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართული იყო სამაშველო სამსახურის ადგილობრივი ჯგუფები.
„ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება სამაშველო ჯგუფის ორი ეკიპაჟი მონიტორინგის მიზნით. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. დილიდან უკვე განახლდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.