28 მარტის შემდეგ იუპიტერის ხედი შეიძლება დაისმა შთანთქას და მზის სინათლეში ჩაიკარგოს, ამიტომ შეეცადეთ, ამ შედარებით იშვიათი კოსმოსური მოვლენის დანახვა იქამდე მოასწროთ.
თუ გსურთ, ხუთივე პლანეტა ერთ ღამეში შენიშნოთ, გადამწყვეტი ფაქტორია დრო, ბნელი ცა და ჰორიზონტის მკაფიო ხედი.
ზოგიერთ პლანეტას სავარაუდოდ დიდი ქალაქებიდანაც დაინახავთ. შეუიარაღებელი თვალით ყველაზე ადვილად შესამჩნევი ვენერა იქნება, რადგან ის ცაში მესამე ყველაზე კაშკაშა ობიექტია მზისა და მთვარის შემდეგ.
თუმცა, უფრო რთული იქნება ზოგიერთი პლანეტის დანახვა, მაგალითად, ურანისა და მერკურის. შეეცადეთ, მოშორდეთ ქალაქის სინათლეს და შეარჩიოთ ბნელი ადგილი მზის ჩასვლამდე. შეამოწმეთ ამინდის პროგნოზიც.
იდეალურია ადგილი, საიდანაც დასავლეთის ჰორიზონტის ხედს არაფერი ეფარება, არც მთები და არც შენობები. იუპიტერისა და მერკურის შესამჩნევად დაბალ ჰორიზონტზე დაკვირვება მოგიწევთ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა პლანეტა შეუიარაღებელი თვალით იქნება ხილული, ურანის დასანახად ალბათ მაინც დაგჭირდებათ ბინოკლი ან სამოყვარულო ტელესკოპი.
პლანეტების იდენტიფიცირების უმარტივესი გზაა სმარტფონში რომელიმე ასტრონომიული აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რომელიც მარტივად გეტყვით თითოეული პლანეტის სახელს.
სულ მალე, რაც მზე ჰორიზონტს მიღმა გაუჩინარდება, გაიხედეთ დასავლეთით. დაბლა, იქ, სადაც მზე ჩავიდა, გვერდიგვერდ გამოჩნდება იუპიტერი და მერკური.
მზის შუქმა შეიძლება თვალი მოგჭრათ და შეუიარაღებელი თვალით დანახვა გაართულოს და ამიტომ, თუ ვერ შენიშნავთ, სცადეთ ბინოკლი. უბრალოდ დარწმუნდით, რომ მზე უკვე ჰორიზონტს დაბლაა, რათა ბინოკლით თვალები არ დაიზიანოთ.
წყვილი მზის ჩასვლიდან მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში იქნება ხილული. ამის შემდეგ, ისინი ჰორიზონტს დაბლა გაუჩინარდებიან და ვეღარც დაინახავთ.
ახლა უკვე ვენერას ჯერი დგება — ღამის ცის ვარსკვლავის მსგავსი ობიექტის, რომელიც იუპიტერის თავზე ამობრწყინდება და იქვე, ბინოკლით შეგიძლიათ შენიშნოთ ურანიც.
ეს პლანეტა ვენერასთან ძალიან ახლოს, მის მაღლა და მარცხნივ გამოჩნდება. ურანს ყველაზე კარგად დაინახავთ, როდესაც ცაში მზის სინათლე მთლიანად გაქრება და თან წაიღებს იუპიტერს და მერკურისაც. ვენერასა და იუპიტერზე დაკვირვებისთვის დაახლოებით ორი საათი გაქვთ, ამის შემდეგ კი ისინიც ჰორიზონტს მიღმა გაუჩინარდებიან.
თუმცა, საკმარისად ბევრი დრო გექნებათ მარსით ტკბობისთვის. 25-დან 27 მარტამდე ის სამხრეთ-დასავლეთ ცაში კაშკაშა წითლად გამოჩნდება, ახალი მთვარის თავზე, მისგან ოდნავ მარცხნივ, 28 მარტის შემდეგ კი მთვარის დაბლა.
თუ ღამეს გაათევთ ან აისამდე გაიღვიძებთ, 27-28 მარტს, მზის ამოსვლამდე, შეიძლება გაგიმართლოთ და აღმოსავლეთის ჰორიზონტზე სატურნიც შენიშნოთ.