მარტი-სექტემბრის მონაცემებით, ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებისგან დაცვა არის 90 პროცენტი, ვირუსით გარდაცვლილთა შორის არავაქცინირებული იყო 98,95 პროცენტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ მარტი-სექტემბრის მონაცემები წარმოადგინა.
„დიდი ალბათობით, ხვალ ან ზეგ დაიდება ჩვენი მეშვიდე გადახედვა, რომელიც დამთავრებულია. მინდა, რამდენიმე გზავნილი მოგცეთ მაინც, თუ როგორ იცავს აცრა. ანალიზი ჩატარებულია სექტემბრის ჩათვლით ანუ პირველი ოქტომბრის მონაცემებით.
სრულად ვაქცინირებულ პირებში ამ პერიოდში ვაქცინით განპირობებული, ინფიცირებისგან დაცვის ეფექტიანობა არის 90 პროცენტი. ამ პერიოდში, 30 სექტემბრის პერიოდით აღებული სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი, ჩვენი კვლევით, არის 9,87-ით ნაკლები, არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. ამ ხნის განმავლობაში, 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო 814 851 პირი და აქედან იდენტიფიცირებული იქნა 11 403, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდა „კოვიდის“ შემთხვევა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ასევე წარმოადგინა ჰოსპიტალიზაციისა და ინტენსიური მოვლისგან დაცვის მაჩვენებლები.
„ამ პერიოდში, 15 მარტიდან მოყოლებული ქვეყანაში ჰოსპიტალიზებული იყო სულ 53 767 ადამიანი და ვაქცინირების შემდეგ ჰოსპიტალიზაცება დასჭირდა 1 386-ს. ვაქცინაციის ეფექტიანობა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ არის 93,4 პროცენტი. ასაკობრივად არის ეს დაყოფილი და 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა არის 91,7 პროცენტი, ხოლო 18-59 წლის ასაკში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის ეფექტიანობა არის 95 პროცენტი.
ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროება: 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულებში ინტენსიური მკურნალობის საჭიროება 97,5 პროცენტით ნაკლებ შემთხვევაში დგება არავაქცინირებულებთან შედარებით. ხოლო 18-59 ასაკის მოსახლეობაში ინტენსიურში მოხვედრისგან დაცვა არის 99 პროცენტი. ინტენსიურში მოხვდა ორჯერ ვაქცინირებული სულ 72 პირი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება ლეტალობას, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის მხოლოდ 1.05 პროცენტი იყო ვაქცინირებული პირი.
„ლეტალობისგან დაცვა: 15 მარტიდან, ანუ რაც ქვეყანაში აცრები დაიწყო, 30 სექტემბრის პერიოდში სულ ქვეყანაში „კოვიდისგან“, სამწუხაროდ, „კოვიდით“ გარდაიცვალა 5 469 ადამიანი. ამ შემთხვევაში არავაქცინირებული იყო 98,95 პროცენტი. ანუ 1.05 პროცენტი იყო ვაქცინირებული. 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციით განპირობებული, სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99,37 პროცენტი, ხოლო 60 წლის და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს დაცვა სიკვდილობისგან გახლავთ 97,8 პროცენტი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ციფრები აერთიანებს ოთხივე ვაქცინით იმუნიზებულ პირთა მონაცემებს, რომლებვიც ქვეყანაში ადმინისტრირდებოდა.
„ჩვენ წინასწარი მონაცემები, მაგრამ ახლა არ გამოქვეყნდება, გვაქვს ვაქცინების ჩაშლით: „ფაიზერზე“, „ასტრაზენეკაზე“, „სინოვაკზე, „სინოფარმზე“, რომელიც გამოქვეყნდება უკვე წლის ბოლოს, როდესაც წლიური ანალიზი გაკეთდება“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.