მარსზე უძველესი, უზარმაზარი ოკეანის კვალი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ეჭვგარეშეა, რომ თქვენთვის კარგად ნაცნობია მარსის დღევანდელი მშრალი, მტვრიანი იერსახე. თუმცა, მეცნიერებმა მიაგნეს მტკიცებულებას, რომელიც მეტყველებს, რომ დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ, წითელი პლანეტის ზედაპირზე არსებობდა ვრცელი ოკეანე, რომელიც სავარაუდოდ, ასობით ათას კვადრატულ კილომეტრს ფარავდა.
მტკიცებულებას წარმოადგენს სანაპირო ხაზის განსხვავებული ტოპოგრაფია, რაც მარსის ზედაპირის მრავალ თანამგზავრულ ფოტოში გამოავლინეს. ოდნავ სხვადასხვა კუთხით გადაღებული ამ ფოტოების საშუალებით, შესაძლებელია რელიეფის რუკის შექმნა.
მეცნიერებმა აღრიცხეს 6500 კილომეტრზე მეტი სამდინარო ქედები, რომლებიც სავარაუდოდ, ზედაპირზე მდინარეებმა ამოჭრა და მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, ისინი მდინარეთა ეროდირებული დელტები ან წყალქვეშა არხების სარტყლებია (ზღვის ფსკერზე ამოჭრილი არხები).
„დიდი, ახალი რამ, რაც ამ კვლევაში გავაკეთეთ, არის მარსზე ფიქრი მისი სტრატიგრაფიული და დანალექოვანი ჩანაწერების თვალსაზრისით. დედამიწაზე, წყლის გზების ისტორიას აღვრიცხავთ დროთა განმავლობაში დალექილი სედიმენტების კვლევით. ამას სტრატიგრაფიას ვუწოდებთ, იდეას, რომლის მიხედვითაც, წყალს დანალექები გადააქვს და დედამიწაზე მომხდარი ცვლილებების გაზომვა შესაძლებელია იმის გაგებით, თუ როგორ გროვდება დანალექები. სწორედ ეს გავაკეთეთ ახლა, მაგრამ მარსის შემთხვევაში“, — ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი ბენჟამინ კარდენასი.
მარსის ორბიტაზე მოძრავი ხომალდის, Mars Reconnaissance Orbiter-ის მიერ 2007 წელს შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, ჯგუფმა ჩაატარა ქედის სისქის, კუთხეებისა და ადგილმდებარეობათა ანალიზები, რათა უკეთესად აღექვა შესასწავლი ზონა: ტოპოგრაფიული დეპრესია მარსზე, რომელსაც აეოლის-დორსა ეწოდება.
როგორც ჩანს, სავარაუდოა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, წითელი პლანეტის ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ამაზე მეტყველებს მტკიცებულებები ზღვის დონის მნიშვნელოვანი აწევისა და მდინარეებისა და დინებების მიერ ქანების სწრაფი გადაადგილების შესახებ. დღეისათვის, აეოლის-დორსა მარსზე სამდინარო ქედების ყველაზე კონცენტრირებულ კოლექციას მოიცავს.
ეს ყველაფერი კი კავშირშია მარსზე სიცოცხლის ძებნასთან. წითელ პლანეტასთან მიმართებაში ყველაზე ფუნდამენტური კითხვები, რომლებზე პასუხებსაც მეცნიერები ეძებენ, არის ის, ჰქონდა თუ არა მას ოდესმე სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო პირობები.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც მაშინვე მახსენდება, არის ის, რომ ამ ზომის ოკეანის არსებობა ნიშნავს სიცოცხლის მაღალ პოტენციალს. ასევე ბევრ რამეს გვეუბნება უძველესი კლიმატისა და მისი ევოლუციის შესახებ. ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით, ვიცით, რომ იქ უნდა ყოფილიყო პერიოდი, როცა მარსი საკმარისად თბილი უნდა ყოფილიყო, ატმოსფერო კი საკმარისად სქელი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო თხევადი ოკეანის არსებობა“, — ამბობს კარდენასი.
კვლევა მხოლოდ აეოლის-დორსას რეგიონზე არ შეჩერებულა.
ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ კვლევაში, იმავე ჯგუფის ზოგიერთმა წევრმა, მათ შორის კარდენასმა, მექსიკის ყურის უძველესი ფსკერის რუკის შესაქმნელად გამოყენებული აკუსტიკური ვიზუალიზაციის მეთოდი მოარგო მოდელს, რომელსაც უნდა ეჩვენებინა, როგორ შეიძლება მოეხდინა წყალს მარსის ზედაპირის ეროზია.
მარსზე ბევრია ისეთი ზონა, რომელიც შეიძლება სამდინარო ქედები იყოს; ჯგუფის მიერ ჩატარებული სიმულაცია მნიშვნელოვნად ჰგავს წითელი პლანეტის ლანდშაფტს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მარსი ოდესღაც ვრცელი წყლით იყო დაფარული.
სულ უფრო და უფრო მეტ ნიშანს ვხედავთ იმის შესახებ, რომ მარსზე წყალი ერთ დროს უხვად იყო; გრძელდება კვლევები, რათა დადგინდეს, რის გამო და სად გაქრა ეს წყალი მილიარდობით წლის წინ, რაც ნამდვილად არ არის ადვილი საქმე.
„თუ მარსზე მიქცევა-მოქცევა არსებობდა, ის აქ უნდა ყოფილიყო, სათუთად შემოეტანა-და გაეტანა წყალი. სწორედ იმ ტიპის ადგილია, სადაც შეიძლებოდა, მარსზე სიცოცხლე აღმოცენებულიყო“, — ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი ბენჟამინ კარდენასი.
კვლევები Journal of Geophysical Research: Planets-სა და Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია psu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.