თუ ფიქრობთ, რომ მარსი ახლა ფრიად არასტუმართმოყვარე პლანეტაა, არც ცდებით. თუმცა, როგორც ჩანს, პლანეტის ამჟამინდელი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია შორეულ წარსულთან შედარებით.
დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, წითელი პლანეტის რეგიონში, რომელსაც არაბია-ტერას უწოდებენ, ათასობით მძლავრი, ვულკანური სუპერამოფრქვევა ხდებოდა, რამაც მარსის ატმოსფერო იმდენი მტვრითა და ტოქსიკური აირებით გაავსო, რომ თითოეულ ამოფრქვევას მარსის კლიმატი ათწლეულობით უნდა შეცვლილიყო.
ეს პროცესი დაახლოებით 500 მილიონი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრეული მარსი, დედამიწის მსგავსად, ერთ დროს დღევანდელისგან ძლიერ განსხვავებული პლანეტა იყო.
„თითოეულ ამ ამოფრქვევას მნიშვნელოვანი გავლენა უნდა ჰქონოდა კლიმატზე, გამოყოფილ აირებს ატმოსფერო უნდა გაესქელებინა, მზის სინათლე დაებლოკა და გამოეწვია აციება. ვიკვლევთ, ზუსტად რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა მარსის კლიმატზე ამ ვულკანებს“, — ამბობს NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის გეოლოგი პატრიკ ვილი.
სუპერამოფრქვევები ყველაზე მძლავრი ვულკანური ამოფრქვევებია და მათი მაგნიტუდა რვას შეადგენს — უმაღლეს ნიშნულს ვულკანის ფეთქებადობის ინდექსის სკალაზე. სუპერვულკანური ამოფრქვევა ატმოსფეროში და მიმდებარე ხმელეთზე, ათასობით კილომეტრის რადიუსში, 1000 კუბურ მეტრზე მეტ მასალას ამოაფრქვევს.
მიუხედავად იმისა, რომ არაბია-ტერაზე ასეთი აქტივობა ძალიან დიდი ხნის წინ ხდებოდა, ვილიმ და მისმა ჯგუფმა ამის მტკიცებულებები მარსის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრის, Mars Reconnaissance Orbiter-ის მონაცემებში მაინც აღმოაჩინეს.
მარსის ეს რეგიონი საკმაოდ საინტერესოა, არის უზარმაზარი გეოლოგიური დეპრესიები, რომლებიც მეცნიერებს დარტყმითი კრატერები ეგონათ. ამის მიზეზიც ჰქონდათ, რადგან მარსზე ასეთი კრატერები ბევრია. თუმცა, 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ მათ სულ სხვაგვარ წარმოშობაზე მიუთითა — ივარაუდა, რომ ისინი არა დარტყმით კრატერები, არამედ კალდერებია. კალდერა დეპრესიაა, რომელიც სუპერვულკანის ამოფრქვევის შემდეგ რჩება. მას შემდეგ, რაც მაგმა გადმოიღვრება, ზედა ქანებს სტრუქტურული მხარდაჭერა აღარ აქვს და ხვრელის მსგავსად კოლაფსირდება.
ვილის და მის კოლეგებს ეს იდეა დიდად ხიბლავდათ, მაგრამ უფრო ახლოდან დაკვირვების გარეშე რთული იყო იმის დადგენა, საქმე დარტყმით კრატერებთან გვქონდა თუ კალდერებთან. ამიტომ, მათ სხვა რამის ძებნა დაიწყეს — ვულკანური ფერფლის მასიურ მოცულობას, რაც ამ კოლოსალური ამოფრქვევების შედეგად უნდა დალექილიყო.
2013 წლის კვლევაში მეცნიერებმა ისიც შეაფასეს, რამდენი მატერია უნდა ამოტყორცნილიყო ამოფრქვევისას. კიდევ ერთი კვლევა მიუთითებდა, რომ არაბია-ტერას ლანდშაფტი უძველეს ამოფრქვევათა ფერფლის დანალექებს უნდა შეიცავდეს; ხოლო კიდევ ერთმა სხვა კვლევამ განსაზღვრა ის ეფექტი, რაც მარსის ატმოსფეროს უნდა ჰქონოდა ფერფლის გაფანტვაზე.
„ამ მომენტზე შევჩერდით და ვთქვით, რომ ეს გახლავთ მინერალები, რომლებიც დაკავშირებულია შეცვლილ ვულკანურ ფერფლთან, რაც უკვე დოკუმენტირებულია და შესაბამისად, უნდა გაგვერკვია, როგორ არის ეს მინერალები გადანაწილებული, რათა ვნახოთ, მიყვებიან თუ არა ისინი იმ მახასიათებლებს, რომლებსაც სუპერამოფრქვევებისგან უნდა ველოდეთ“, — ამბობს ვულკანოლოგი ალექსანდრა მატიელა ნოვაკი.
ვინაიდან არაბია-ტერა ეროდირებულია და ქანების შრეები ჩანს, ჯგუფმა მათი ვულკანური მინერალების პროფილი აიღო და ანალიზები დაიწყო. აღმოაჩინეს დანალექოვანი დეპოზიტები, რომლებიც ამ რეგიონში შეცვლილი ვულკანური ფერფლის მანიშნებელია. მათ შორის არის ალუმინ-დომინანტი მინერალები, როგორებიცაა მონტმორილონიტი, იმოგოლიტი და ალოფანი.
ამის შემდეგ, არაბია-ტერას სამგანზომოლებიანმა ტოპოგრაფიულმა რუკამ ცხადყო, როგორ დაილექა ეს მინერალები. ისინი ზუსტად იქ იყო, სადა პროგნოზის მიხედვით უნდა დალექილიყო 4 – 3,5 მილიარდი წლის წინ. და ბოლოს, ვულკანური ნალექის პროგნოზირებული მოცულობის საფუძველზე, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რამდენი ინდივიდუალური ამოფრქვევა უნდა ყოფილიყო იქ — რაოდენობა უზარმაზარია, სადღაც 1000 – 2 000 ამოფრქვევა ნახევარი მილიარდი წლის განმავლობაში.
მკვლევართა შეფასებით, მთელი ეს ამოფრქვევები შეიძლება სულ რაღაც 5-6 სუპერვულკანზე მოდიოდეს, რომელთაგან თითოეული ყოველ რამდენიმე მილიონ წელიწადში ერთხელ იფრქვეოდა.
მკვლევართა განცხადებით, ეს ნამდვილად უცნაურია. აქ, დედამიწაზე სუპერვულკანები ასე შეჯგუფებულად არ გვხვდება; ისინი ძირითადად ისეთ რეგიონებშია, სადაც სხვა ტიპის ვულკანებიც არის. არც მარსს უნდა ჰქონოდა მხოლოდ ერთი ტიპის ვულკანი. შესაბამისად, რატომ უნდა ყოფილიყო ეს ვულკანური მონსტრები მხოლოდ არაბია-ტერაზე? რატომ ვერ ვპოულობთ სხვა სუპერვულკანებსაც მარსზე?
„ჩვენი პუბლიკაციის წაკითხვის მერე ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ მოხდა მარსზე ასეთი რამ. როგორ ჰქონდა ამ ციცქნა პლანეტას ამდენი გამდნარი ქანი, რომ ერთ ადგილას გამოეკვება ათასობით სუპერვულკანური ამოფრქვევა?“, — ამბობს NASA-ს გეოლოგი ჯეიკობ რიჩარდსონი.
მას იმედი აქვს, რომ ეს კითხვები სხვა მრავალი კვლევის საფუძველი გახდება.
კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.