მარსზე ორი ძლიერი მიწისძვრა დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
მარსზე ორი ძლიერი მიწისძვრა დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

NASA-ს სტატიკურმა აპარატმა „ინსაითმა“ მარტში ორი დიდი მიწისძვრა შეიგრძნო; ბიძგები მარსის ეკვატორის სიახლოვიდან მოდიოდა, რეგიონიდან, რომელსაც კერებრუს-ფოსაეს უწოდებენ.

7 და 18 მარტს დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრე 3,1 და 3,3 მაგნიტუდას შეადგენდა და მიუთითებს, რომ კერებრუს-ფოსაე წითელი პლანეტაზე გეოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადგილია.

ასეთივე სიმძლავრის ბიძგები ამავე რეგიონში 2019 წელსაც დაფიქსირდა.

კერებრუს-ფოსაეს რეგიონი დასერილია მასიურ, თითქმის პარალელური ნაპრალების სერიით, რომლებიც მაშინ არის წარმოქმნილი, როდესაც პლანეტის ქერქი დრამატულმა ვულკანურმა მოვლენამ გახსნა. ვულკანიზმი მარსზე ბიძგების მთავარი გამომწვევია: წითელ პლანეტას არ აქვს ტექტონიკური ფილები, რომლებიც დედამიწაზე მიწისძვრათა უმეტესობას იწვევს.

მარსზე ასეთ აქტივობათა ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრია კერებრუს-ფოსაე, რომელიც წარსულისა და ამჟამინდელი ასეთი გეოლოგიური არასტაბილურობის გამო, ფრიად მომხიბვლელი ადგილია შესასწავლად.

მარსზე მიწისძვრების დაფიქსირების შესაძლებლობა ჩვენთვის ახალია. გეოლოგები იქ ბიძგების არსებობას უკვე ათწლეულებია ეჭვობდნენ, მაგრამ დამტკიცება ვერ ხერხდებოდა იქამდე, ვიდრე 2019 წელს წითელ პლანეტაზე NASA-ს ხომალდი „ინსაითი“ დაჯდებოდა; აპარატმა ბიძგები მალევე დააფიქსირა.

ხომალდმა „ვიკინგ 2-მა“ 1976 წელს დააფიქსირა მოვლენა, რომელიც შეიძლება პატარა ბიძგი ყოფილიყო, მაგრამ იმ დროს შეუძლებელი იყო იმის გამორიცხვა, რომ ამის გამომწვევი მიზეზი ქარი ან ამინდის სხვა რაიმე მახასიათებელი არ იყო. მეორე მხრივ, გასული ორი წლის განმავლობაში, „ინსაითმა“ უკვე 500-მდე სეისმური მოვლენა დააფიქსირა.

„ინსაითის“ ინსტრუმენტ SEIS-ის მიერ დაფიქსირებულ მიწისძვრათა უმეტესობა პატარაა, მაგრამ კერებრუს-ფოსაეს რეგიონიდან მომდინარე ბიძგები მათ შორის ყველაზე მკაფიო და ძლიერია.

მეწყერი კერებრუს-ფოსაეს რეგიონში

საოცარია, რომ გეოლოგებმა „ინსაითის“ მარსზე გაგზავნამდე ექვსი წლით ადრე იწინასწარმეტყველეს, რომ ბიძგები მას შეიძლება სწორედ კერებრუს-ფოსაეს რეგიონიდან დაეფიქსირებინა.

2012 წელს, მკვლევართა ჯგუფმა ეს რეგიონი მარსის ორბიტაზე მოძრავი ხომალდის, Mars Reconnaissance Orbiter-ის მიერ გადაღებული ფოტოებით შეისწავლეს და აღმოაჩინეს ცოტა ხნით ადრე მომხდარი მეწყრულ მოვლენათა მტკიცებულება, ასევე შენიშნეს ლოდები, რომლებიც ზოგიერთი ნაპრალის ციცაბო კალთებზე იყო ჩაცვენილი.

მეწყრები დედამიწაზე ხშირად ხდება მიწისძვრის შემდეგი ეფექტების სახით, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ იქ შეიძლება ცოტა ხნით ადრე სწორედ მიწისძვრა იყო მომხდარი. „ინსაითის“ მიერ დაფიქსირებულმა ბიძგებმა ეს თეორია დაადასტურა.

კერებრუს-ფოსაეს რეგიონი მუქად მოჩანს ცენტრიდან მარცხნივ. იქვე ჩანს ორი პარალელური ნაპრალიც

იანვარში „ინსაითის“ მისია ორი წლით გახანგრძლივდა და ჯგუფს იმედი აქვს, რომ ამ პერიოდში მარსის სეისმური აქტივობის დეტალურ ჩანაწერებს შექმნის.

უმაღლესი ხარისხის მონაცემების მისაღებად, მკვლევართა ჯგუფმა SEIS ინსტრუმენტის კაბელი ხომალდის რობოტული მკლავის დახმარებით მიწაში ჩამარხა. ეს კი შეამცირებს ქარის ხმაურს, ვიბრაციებს და ტემპერატურულ რყევებს, რომლებსაც სეისმომეტრისთვის შესაძლო ბიძგების დაფიქსირებაში ხელის შეშლა შეუძლია.

ამ დროისთვის „ინსაითს“ ხელს უშლის მზის პანელებზე დადებული მტვერი, რაც იმას ნიშნავს, რომ აპარატის ზოგიერთი ინსტრუმენტი, მაგალითად, ამინდის სადგური დროებით გაითიშება. „ინსაითს“ ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ენერგია, რომ სეისმომეტრი SEIS მომდევნო ორი თვის განმავლობაშიც ამუშაოს, რის შემდეგაც, დროებით ისიც გაითიშება.

ეს ენერგოდეფიციტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ქვიშის შტორმი მის პანელებს გაასუფთავებს ან ორბიტაზე მოძრაობისას მარსი მზესთან ახლოს მივა, რაც ივლისის შემდეგ მოხდება.

ამასობაში, მეცნიერები ფრიად კმაყოფილი არიან კერებრუს-ფოსაეს რეგიონიდან მომდინარე ბიძგების დაფიქსირებით და იმედოვნებენ, რომ კიდევ უფრო ძლიერ ბიძგებსაც დაიჭერენ.

თუ „ინსაითი“ დიდ მიწისძვრას მართლაც შეიგრძნობს, ეს ვიბრაცია შეიძლება საკმაო სიღრმიდან მოდიოდეს და ურთიერთქმედება ჰქონდეს პლანეტის მანტიასა და ბირთვთან. ასეთი ბიძგის დაფიქსირება კი გაცილებით მეტ რამეს გვეტყვის პლანეტის წიაღის სტრუქტურის შესახებ, რაზეც ახლა ძალიან მწირი წარმოდგენა გვაქვს.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.