მარსზე მეთანის არსებობა დადასტურდა - არის თუ არა ეს სიცოცხლის ნიშანი
რამდენიმე წლის წინ, სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია ცნობამ, რომ მარსმავალმა „კურიოზიტიმ“ წითელ პლანეტაზე მეთანი აღმოაჩინა. თუმცა, არსებობდა ერთი პრობლემა — შესაძლებელი იყო, რომ მავალის სენსორები ცდებოდა.
ამჯერად, ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა — მარსზე მეთანის არსებობა სხვა წყარომაც დაადასტურა.
2013 წლის 16 ივნისს, ერთი დღით ადრე, ვიდრე „კურიოზიტი“ მეთანს დააფიქსირებდა, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია „მარს ექსპრესმა“, რომელიც წითელი პლანეტის გარშემო მოძრაობს — იმავე ადგილას, გეილის კრატერის სიახლოვეს, მეთანის ნიავი დააფიქსირა.
მეთანი მარსზე სხვა ინსტრუმენტებმაც დააფიქსირა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორმა სხვადასხვა ხელსაწყომ მეთანის არსებობა ერსა და იმავე რეგიონში, ერთსა და იმავე დროს დაადასტურა.
პლანეტური მეცნიერის, მარკო ჯიურანას განცხადებით, მარსის ატმოსფეროში მეთანის არსებობა დღემდე დებატების საგანი იყო მარსის შემსწავლელ საზოგადოებაში.
მისი თქმით, მეთანის არსებობა ვერ დასტურდებოდა დამოუკიდებელი დაკვირვებებით, მაგრამ ბოლო აღმოჩენა წარმოადგენს პირველ დამოუკიდებელ დასტურს იმისას, რომ წითელ პლანეტაზე მეთანი მართლაც არსებობს.
მეცნიერთა ერთი ნაწილი ეჭვობდა იმასაც, რომ მეთანი შესაძლოა, „კურიოზიტის“ დედამიწიდან გაჰყვა. თუმცა არა, ეს მეთანი ნამდვილად მარსული წარმოშობისაა.
აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია. დედამიწის ატმოსფეროში ეს აირი დიდი ოდენობით არის — მოცულობით დაახლოებით 1800 წილი მილიარდზე (ppbv). ამ მეთანის 90-95 პროცენტი წარმოქმნილია ცოცხალი ან მკვდარი ორგანიზმებისგან.
მეთანის აბიოტურად გამომუშავება ასევე შეუძლია გეოლოგიურ პროცესებს. გაზისა თუ ყინულის გიგანტებზე, მაგალითად იუპიტერზე, სატურნზე, ურანსა და ნეპტუნზე, დიდი ოდენობით მეთანს წარმოქმნის ქიმიური პროცესები.
პლუტონზე წარმოდგენილია მეთანის ყინული. სატურნის მთვარე ტიტანზე გადაჭიმულია თხევადი მეთანის ტბები. ზოგადად, ეს ნივთიერება მზის სისტემაში სულაც არ არის იშვიათი.
რაც შეეხება მარსს, მეთანის გლობალური კონცენტრაცია იქ გაცილებით დაბალია, ვიდრე დედამიწაზე — გვხვდება მხოლოდ ჭავლების სახით, მოცულობა კი 10 ppbv-ს აღწევს. ამის გარკვევა, თუ საიდან და როგორ მოდის ეს მეთანი, უდავოდ რაღაც ახალსა და ამაღელვებელს გვეტყვის წითელი პლანეტის შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეთანის წყარო მიკრობები არ აღმოჩნდა.
„მარს ექსპრესმა“ მეთანი პირველად 2004 წელს აღმოაჩინა, მაგრამ 2013 წლის დაკვირვებით ყველაფერი საბოლოოდ დადასტურდა.
მკვლევართა განცხადებით, ახალი მეთოდებით ანალიზი გაცილებით ზუსტია და მინიმუმამდე ამცირებს სტატისტიკურ გაურკვევლობას.
კვლევა უზარმაზარ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამიტომ გამოქვეყნდა შედეგები ახლაღა, აღმოჩენიდან თითქმის ექვსი წლის შემდეგ. თუმცა, ასეთი გულმოდგინე შრომა ნამდვილად ღირდა, რადგან შემცირდა იმ ადგილთა ოდენობა, სადაც მარსზე მეთანის წარმოქმნა უნდა ხდებოდეს.
მკვლევართა განცხადებით, გეილის კრატერის სიახლოვეს, ბრტყელ რეგიონში, მეთანის გამოყოფის ყველაზე სავარაუდო მიზეზი გარდამავალი მოვლენებია. ეს კარგად ხსნის იმასაც, თუ რატომ არის მისი გამოყოფა და გაუჩინარება ასე უცნაური.
მარკო ჯიურანას განცხადებით, შესაძლოა, მიზეზი ზედაპირქვეშ არსებულ ყინულის ფენასთან კონტაქტი იყოს, რადგან ცნობილია, რომ გაყინული ქანები მეთანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
მისი თქმით, მეთანი პერიოდულად შეიძლება გამოიყოფოდეს გაყინული ქანების დაბზარვისა და ყინულების ნაწილობრივი დნობის გამო.
თუმცა, დაზუსტებით ჯერ არაფერია ცნობილი, კვლევა გრძელდება.
კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.