გვიყვარს იმის წარმოდგენა, როგორ ჰგავს მარსი დედამიწას; მრავალ ასპექტში მართლაც ასეა. ის შედარებით პატარა და კლდოვანია. აქვს ატმოსფერო და ამოცნობადი გეოლოგიური მახასიათებლები. შეგვიძლია მისი ქანების შემადგენლობის გარკვევა, ამინდის მახასიათებლების შესწავლა და სეისმურ აქტივობათა დაფიქსირება.
თუმცა, ამავე დროს, მარსი დედამიწისგან ძალიან განსხვავდება. და ეს ყველაზე აშკარაა, როდესაც მარსმავლებისა და წითელი პლანეტის გარშემო მოძრავ ხომალდთა მიერ გადაღებულ ფოტოებს ვუყურებთ. ჩვენ წინაშე ამ დროს საოცარი ხედები იშლება, უბრალოდ, ისინი ერთი პლანეტით იქით არის გადაღებული.
წარმოგიდგენთ ჩვენს მეზობელ პლანეტაზე გადაღებულ ყველაზე გამორჩეულ ფოტოებს.
ყინულით სავსე კრატერი
ეს კოროლიოვის კრატერია, მარსის ჩრდილოეთ პოლარული ქუდის სიახლოვეს; გადაღებულია ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „მარს ექსპრესის“ მიერ. მისი დიამეტრი 81,4 კილომეტრია და მთელი წლის განმავლობაში ამოვსებულია წყლის ყინულით.
ყინულის თავზე მოძრაობისას, ჰაერი ცივდება და იძირება, რაც ყინულის ზედაპირთან წარმოქმნის ცივი ჰაერის ფენას. იმის გამო, რომ ჰაერი ცუდი თბოგამტარია, ეს ცივი ფენა იზოლატორის როლს ასრულებს და ყინულს თბილი ჰაერისგან იცავს; შესაბამისად, ყინული არ დნება.
ყინულის გუმბათის სისქე 1,8 კილომეტრია, დიამეტრი 60 კმ, მოცულობა კი 2200 კუბური კილომეტრი. ეს რაოდენობა ანტარქტიდისას რა თქმა უნდა, ვერ შეედრება, მაგრამ საკმაოდ ბევრია იმისათვის, რასაც მშრალი პლანეტა მარსისგან შეიძლება ელოდეთ.
მთვარეებით გამოწვეული ნაწილობრივი დაბნელება
დედამიწაზე გვაქვს ერთი საოცარი დამთხვევა. თუ შევადარებთ დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილის პროპორციას დედამიწასა და მზეს შორის მანძილის პროპორციასთან, აღმოვაჩენთ, რომ ის თითქმის ზუსტად ისეთივეა, როგორც ზომების პროპორცია მთვარესა და მზეს შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც მთვარე მზის წინ გაივლის, ის მას სრულად ფარავს და დედამიწაზე ხდება მზის სრული დაბნელება.
თუმცა, მარსზე ასე არ გახლავთ. როცა მარსის ერთ-ერთი მთვარე მზის წინ გაივლის, ჩვენს დედავარსკვლავს ის მთლიანად ვერ ფარავს და ხდება მზის ნაწილობრივი დაბნელება. უფრო სწორი იქნება, თუ ამ მოვლენას ტრანზიტს ვუწოდებთ. ნასას მავალმა Curiosity-მ არაერთხელ დააფიქსირა მარსის ორი მთვარის, ფობოსისა და დეიმოსის ასეთი ტრანზიტი.
ვარსკვლავური ფლოტი მარსზე
ეს ფოტო შარშან ვირუსული გახდა „ვარსკვლავური გზის“ ვარსკვლავური ფლოტის ლოგოსთან აშკარა მსგავსების გამო. მარსის რეგიონი ჰელას-პლანიტია დაფარულია ასობით ასეთი, შევრონის ფორმის წარმონაქმნით. სინამდვილეში მათ „მოჩვენება დიუნებს“ უწოდებენ და წარმოქმნილია ლავის უძველესი ნაკადებით.
დიდი ხნის წინ, როდესაც ეს ლავა თავისუფლად მოძრაობდა მარსის ზედაპირზე, ლანდშაფტში იყო ქვიშის დიუნებიც. ლავა ამ დიუნების გარშემო მიედინებოდა და შესაბამისად, ასეთი ფორმა მისცა. როდესაც ქვიშა ქარმა გადახვეტა, დარჩა მხოლოდ დიუნები გაქვავებული ლავა.
უცნაური ხვრელი
ეს წარმონაქმნი მარსისთვისაც კი გამორჩეულია. კონუსურ მთას წააგავს, გადაჭრილ მწვერვალზე არსებული ხვრელით. მდებარეობს გიგანტური ფარისებრი ვულკანის გვერდით და წარმოადგენს ე. წ. ლავის მილის გუმბათს. წარმონაქმნი შიგნით ღრუა, რადგან ზოგჯერ ლავის ნაკადი შეიძლება ზედაპირთან გამყარდეს და მოძრაობა ქვეშ გააგრძელოს. ამის შემდეგ, ლავა მთლიანად დაბლა იჟონება და მის ადგილას რჩება ლავის მილების მღვიმეები. ზედაპირის ეს მონაკვეთი შემდეგ შეიძლება ჩაინგრეს და დარჩეს ამოწეული გუმბათი შიგნით გვირაბით.
ის გაცილებით დიდია დედამიწაზე არსებულ ნებისმიერ ასეთ ლავის მილზე; წარმოუდგენლად უცნაურია თავად მისი კონუსური ფორმაც.
საუცხოო აფეთქება
დედამიწისგან განსხვავებით, მარსზე ბევრი დარტყმითი კრატერია. თხელი ატმოსფერო მას დედამიწასავით ვერ იცავს და შესაბამისად, მის ზედაპირზე გაცილებით ბევრი კოსმოსური ნამსხვრევი ცვივა. ეს შთამბეჭდავი დაცემა წითელ პლანეტაზე 2016 წლის სექტემბერსა და 2019 წლის თებერვალს შორის პერიოდში მოხდა.
დარტყმითი ტალღის უკეთ წარმოსაჩენად ფერები ოდნავ მომატებულია. დარტყმამ ზედაპირის მტვერი მაღლა ამოტყორცნა და ქვემოთა მუქი ფენა გამოაჩინა. თავად კრატერი საკმაოდ პატარაა, 15-16 მეტრი სიგანის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცემული ობიექტის სიგანე დაახლოებით 1,5 მეტრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან მკვრივი. დედამიწის შემთხვევაში, ასეთი ობიექტი ატმოსფეროშივე დაიწვებოდა და ზედაპირამდე ვერ მოაღწევდა.
დაისი მარსზე
მარსმავალთა მიერ გადაღებული ფოტოების უმრავლესობაში მარსის ცა მოყავისფროდ ჩანს. თუმცა, როდესაც მარსზე მზე ამოდის ან ჩადის, რაღაც უცნაური ხდება, დედამიწის ალისფერი დაისისგან განსხვავებით, წითელი პლანეტის ცა მზის ჩასვლისას ულამაზეს ცისფრად იღებება.
ამ ფენომენს ატმოსფეროში არსებული ნაწილაკები იწვევს. დედამიწაზე, ატმოსფეროში არსებული გაზის პატარა ნაწილაკები ცისფერ სინათლეს უფრო ეფექტიანად ფანტავს.
როდესაც მზე მაღლაა, ცა უფრო ლურჯი ჩანს, მაგრამ აისისა და დაისის დროს, როდესაც სინათლეს ჩვენს თვალებამდე მოსასვლელად ატმოსფეროში უფრო დიდი მანძილი აქვს გამოსავლელი, ასე შორს გავლა მხოლოდ წითელ ტალღის სიგრძეს შეუძლია, რის გამოც ცა ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ჩანს.
მარსის ატმოსფერო სავსეა მტვრის ნაწილაკებით. ისინი წვრილია, მაგრამ გაზის ნაწილაკებზე გაცილებით მსხვილი და უფრო წითელ ტალღის სიგრძეს ფანტავენ, ვიდრე ცისფერს. შედეგად, აისისა და დაისის დროს მარსის ცა დედამიწისგან განსხვავებულ ფერებში იღებება.
ჩახლართული ეროზია
ამ გასაოცარ ფოტოზე ასახულია მარსის ზედაპირის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური კანიონების სისტემა, რომელიც 250 კმ სიგრძეზეა გადაჭიმული.
ხედავთ განსხვავებულ კრატერებს, ასევე სხვა მრავალ საინტერესო წარმონაქმნს, მათ შორის ნაკადულთა ამოზიდულ კალაპოტებს, რომლებიც წარმოიქმნა მაშინ, როდესაც მიმდებარე დაბლობი ზონა ეროდირდა, არხები კი მაღლა აზიდული დარჩა.
ასევე ხედავთ ხვრელებსა და ნახვრეტებს, რომლებიც აჩენს განსხვავებულ ფენებს, რომლებიც დედამიწაზე დანალექოვან ქანებში წარმოიქმნება ქარისა და ეროზიის შედეგად. მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, რა პროცესებმა წარმოქმნა ეს ფენები მარსზე, თუმცა, წითელ პლანეტაზე ისინი საკმაოდ გავრცელებულია რელიეფის სხვადასხვა ტიპებში.
ქვიშის წვიმის წვეთები
დიდი ხანია, მარსზე აღარ წვიმს… თითქოს ბედის ირონიაა, რომ კოპერნიკის კრატერში წვიმის წვეთების ფორმის ამდენი დიუნაა. ისინი მდიდარია მინერალ ოლივინით, მაგნიუმის რკინის სილიკატით, რომელიც ძირითადად ვულკანურ ქანებში გვხვდება და ყველაზე გავრცელებული მინერალია დედამიწის მანტიაში.
თუმცა, დედამიწის ზედაპირზე არც ისე ბევრი ოლივინია, რადგან ის სწრაფად იფიტება, განსაკუთრებით კი ნესტიან გარემოში, სადაც ის თიხად გარდაიქმნება. იმის გამო, რომ მარსი ასე მშრალია, ოლივინის დიუნები დროს იქ საკმაოდ დიდხანს უძლებს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.