სულ უფრო იზრდება მტკიცებულებები მარსზე გეოლოგიური და ვულკანური აქტივობის შესახებ.
წითელი პლანეტის ზედაპირის ვულკანური წარმონაქმნების ახალმა, დეტალურმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ რეგიონ ელიზიუმ-პლანიტიაში არსებული ლავის დანალექები საკმაოდ ბოლოდროინდელია, ამოსულია უკანასკნელი 50 000 წლის განმავლობაში.
გეოლოგიური დროის თვალსაზრისით ეს წარმოუდგენლად მოკლე პერიოდია. შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მარსი შეიძლება სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი იყო საკმაოდ ცოტა ხნის წინაც კი, რადგან მისი ზოგიერთი ნაწილი ჰგავს მაგალითად, მყინვარული ზონების ვულკანურად აქტიურ რეგიონებს ისლანდიაში, სადაც ყვავიან ექსტრემოფილი ბაქტერიების სხვადასხვა ფორმები.
„ეს შეიძლება იყოს მარსზე ამ დრომდე დადასტურებული ყველაზე ახალგაზრდა ვულკანური დეპოზიტი. თუ მარსის გეოლოგიურ ისტორიას მხოლოდ ერთ დღეს შევადარებთ, ეს სულ ბოლო წამზე უნდა მომხდარიყო“, — ამბობს არიზონის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერების ინსტიტუტის ასტრონომი დევიდ ჰორვათი.
ბოლო დროს მარსმა მრავალი სიურპრიზი მოგვიწყო, მაგალითად, აშკარად მშრალი, კლდის მტვრიანი სფეროსებრი ობიექტი, რომლის რამდენიმე მტკიცებულებაც ვულკანურ აქტივობაზე მიუთითებს.
ერთი მათგანია ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის არსებობა. მარსი ძალიან ცივი ადგილია; 2019 წლის კვლევის მიხედვით, ზედაპირქვეშა წყლის გაყინვისგან დასაცავად შეიძლება საჭირო იყოს წიაღისეული სითბო. შარშან კიდევ ერთმა კვლევამ აღწერა, რომ მარსული წარმოშობის მეტეორიტი შეიცავს მარსის მანტიაში მიმდინარე ვულკანური კონვექციის მტკიცებულებას.
ამჯერად, თანამგზავრული მონაცემების გამოყენებით, ასტრონომთა ჯგუფმა ჰორვათის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი გასაღები აღმოაჩინა — ვულკანური დეპოზიტი ელიზიუმ-პლანიტიაზე, ვრცელ, გლუვ ვაკეზე მარსის ეკვატორიდან ოდნავ ჩრდილოეთით.
„ეს წარმონაქმნი უცნაურად ბნელი დეპოზიტია, მოიცავს ქალაქ ვაშინგტონზე ოდნავ დიდ ტერიტორიას. აქვს მაღალი თერმული ინერცია, მათ შორის კალციუმის პიროქსენის მაღალი შემცველობის მასალა და სიმეტრიულად არის გადანაწილებული ელიზიუმ-პლანიტიის ნაპრალ ცერებრუს-ფოსაეს სისტემის სეგმენტის გარშემო; ეს ყველაფერი საკმაოდ არადამახასიათებელია ამ რეგიონის ეოლიური, ანუ ქარის მიერ წარმოქმნილი დანალექებისთვის“, — ამბობს ჰორვათი.
მისივე განცხადებით, ეს წარმონაქმნი ძალიან ჰგავს მთვარეზე და მერკურიზე არსებულ ბნელ ლაქებს, რაც ფეთქებად ვულკანურ ამოფრქვევებზე მიუთითებს.
მარსის ზედაპირზე ვულკანურ წარმონაქმნთა უმეტესობა ზედაპირის ლავის ნაკადებს ეკუთვნის და არა ვულკანურ აფეთქებებს, თუმცა, არც ეს უკანასკნელია მთლად უცხო. ჯგუფის აღმოჩენა იმით არის საინტერესო, რომ სხვა წარმონაქმნის თავზეა, გარს აკრავს ლავის ნაკადები, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უფრო ბოლო პერიოდშია მომხდარი.
ამას გარდა, ის შედარებით ახალიც ჩანს, შეიცავს ლავასა და ფერფლს.
„ამოფრქვევას ფერფლი მარსის ატმოსფეროში 10 კმ სიმაღლეზე უნდა აეტყორცნა, მაგრამ სავარაუდოდ წარმოადგენს ამოფრქვეული მასალის ბოლო გასროლას“, — განმარტავს ჰორვათი.
მისივე განცხადებით, ელიზიუმ-პლანიტიაზე წარმოდგენილია მარსის ვულკანიზმის ყველაზე ახალგაზრდა შემთხვევები, მათ შორის 3 მილიონი წლის წინანდელი და შესაბამისად, ეს აღმოჩენა სრულიად მოულოდნელი არც ყოფილა. არ არის გამორიცხული, რომ ამ სახის დანალექები უფრო ხშირიც იყო, მაგრამ ეროზიამ მოსპო ან ჩაიმარხა.
საინტერესოა, რომ ამავე რეგიონში აქტიურობის სხვა მინიშნებებიც არის დაფიქსირებული. მარსის ზედაპირზე ამ წარმონაქმნიდან 1600 კილომეტრის მოშორებით მყოფმა სტატიკურმა ხომალდმა „ინსაითმა“ ცერებრუს-ფოსაეს ბზარში მიწისძვრა დააფიქსირა.
ერთობლივად, ეს ორი მტკიცებულება მიუთითებს, რომ მარსის წიაღში აქტიურობა შეიძლება ჯერ კიდევ მიმდინარეობდეს. მნიშვნელოვანია, ამ აღმოჩენებს ზედმეტი ინტერპრეტაციები არ მივცეთ, რადგან ზედაპირთან ახლო გვიანდელი ლავა მარსის სიცოცხლეში ნაკლებად არის სავარაუდო ზედაპირზე ლავის ნაკადების გარეშე; შესაბამისად, ამოფრქვევის ასახსნელად საჭიროა უფრო ღრმა მაგმა.
თუმცა, ესეც შესაძლებელია. აქ, დედამიწაზე, მაგმის ამოფრქვევა შეიძლება გამოიწვიოს მიწისძვრებმა; მიწისძვრები კი ცერებრუს-ფოსაეს ნაპრალშიც დაფიქსირდა. ეს უკვე პოტენციურ მექანიზმზე მიუთითებს. ამას გარდა, წარმონაქმნი არც ისე შორსაა იმავე პერიოდის დარტყმითი კრატერისგან, რომელსაც ზუნილს უწოდებენ. ვულკანური აქტივობა შეიძლება ამ დარტყმასაც გამოეწვია.
მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ამოფრქვევა მოხდა და მისი აღმოჩენა ფრიად დამაინტრიგებელ პერსპექტივას აჩენს — სიცოცხლის ამჟამინდელ ან საკმაოდ ბოლოდროინდელ არსებობას მარსზე, ისეთის, როგორიც დედამიწაზე აღმოჩენილია ჰიდროთერმულ ღრმულებში, სადაც უკიდურესად ცივ გარემოს მდუღარე, ცხელი ტემპერატურა ერწყმის. ასეთ ადგილებში მიკრობული სიცოცხლე ყვავის, რომელიც გადარჩენისათვის დამოკიდებულია არა ფოტოსინთეზზე, არამედ ქიმიურ რეაქციებზე (ქემოსინთეზი).
„ამოსული მაგმისა და ყინულოვანი სუბსტრატის ურთიერთქმედებას ამ რეგიონში შეიძლება საკმაოდ ბოლო პერიოდში შეექმნა მიკრობული სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო, რაც ამ რეგიონში სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას ზრდის“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი, არიზონის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერების ინსტიტუტის ასტრონომი დევიდ ჰორვათი.
ეს ინფორმაცია შეიძლება საკმაოდ გამოსადეგი იყოს სიცოცხლის საძებნელად გაშვებული სამომავლო მარსის მისიებისთვის.
კვლევა ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია psi.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.