მარსმავალი 2020 წითელ პლანეტაზე დაჯდება იმ ადგილას, სადაც შეიძლება, ნამარხებია შემონახული
მარსმავალი 2020 წითელ პლანეტაზე დაჯდება იმ ადგილას, სადაც შეიძლება, ნამარხებია შემონახული

2018 წლის ნოემბერში, ნასამ საზოგადოებას ამცნო, რომ მავალი მარს 2020 ეზეროს კრატერში დაეშვება. ეს კრატერი გეოლოგიურად მრავალფეროვანი ზონაა, გამოირჩევა ალუვიური გამოზიდვის კონუსით, რომელიც ერთ დროს მდინარის მიერ არის დალექილი. ეს დანალექები შეიძლება შეიცავს უძველეს ორგანულ მოლეკულებს; დანალექები გარკვევით ჩანს კრატერის თანამგზავრულ ფოტოებზეც.

კრატერი ფლობს რაღაც ისეთს, რაც მეცნიერებს აინტრიგებს, რაღაცას, რაც თანამგზავრულ ფოტოებზე გარკვევით არ ჩანს კარბონატების „აბაზანის სარტყელი“, რომელიც მეცნიერთა აზრით, განმარხებულ არსებებს უნდა შეიცავდეს.

მავალ მარს 2020-ის აღჭურვილობა კაცობრიობის განვითარების დონის შესაბამისია. როცა მარსზე „სპირიტი“ და „ოპორტუნიტი“ დასხდნენ, მათი მთავარი მიზანი წარსულში ან ამჟამად წყლის არსებობის მტკიცებულებათა პოვნა იყო. მათ ეს მოახერხეს.

2012 წელს წითელ პლანეტაზე მავალი „კურიოზიტი“ დაჯდა. მისი მიზანი იყო შეეფასებინა მარსის სიცოცხლისუნარიანობა როგორც წარსულში, ისე ახლა. მავალ მარს 2020-ს კი, რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს, ყველა ამ მავალზე უფრო დიდი დავალება აქვს — წარსულის მიკრობული სიცოცხლის ნიშნების პოვნა; მარტივად რომ ვთქვათ, ნამარხების ძებნა.

ეზეროს კრატერი რამდენიმე მიზეზის გამო შეარჩიეს. ეს გახლავთ უძველესი ზონა, ადგილი, სადაც დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ ტბა იდგა. მოიცავს ამ ასაკის რელიეფის ფორმებს, მათ შორის მდინარის დელტას და კარბონატების „აბაზანის სარტყელს“.

კარბონატებს შეუძლია წარმოქმნას ნამარხის სტრუქტურები, რომლებიც დედამიწაზე მილიარდობით წელიწადს სძლებენ. მათ შორის არის ზღვის ნიჟარები, მარჯნის რიფები და სტრომატოლიტები. გამომდინარე იქიდან, რომ ეზეროს კრატერი წყლით იყო ამოვსებული,მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესწავლის ღირსია კრატერის კიდეებზე არსებულ კარბონატთა სარტყლის შესწავლა, რათა გაირკვეს, არის თუ არა იქ რაიმე ნამარხები.

თუ ამ ყველაფრის მიმართ სკეპტიკურად ხართ განწყობილი, გეტყვით, რომ ეზეროს კრატერის არჩევა და სიცოცხლის განმარხებული ნაშთების ძიება მარსზე ეფუძნება ზედმიწევნით მეცნიერებას. არავინ იცის, რას ვიპოვით იქ, კარბონატებით მდიდარი კრატერის კიდეზე, მაგრამ ემპირიული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ამ ადგილას ძებნა ნამდვილად ღირს.

ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნებულ კვლევაში დეტალურადაა აღწერილი ეზეროს კრატერის მინერალური მრავალფეროვნება, მათ შორის, კიდეებზე არსებული კარბონატული დანალექები.

კარბონატები ეზეროს კრატერში მარსის გარშემო მოძრავმა ნასას ხომალდმა Mars Reconnaissance Orbiter-მა რამდენიმე წლის წინ შენიშნა. თუმცა, მეცნიერებმა მხოლოდ ახლახანღა შეამჩინეს, რამდენადაა ისინი კონცენტრირებული იქ, სადაც ერთ დროს ტბის ნაპირი უნდა ყოფილიყო.

დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ნამარხებია სტრომატოლიტები. ისინი 3,5 მილიარდი წლის წინანდელია. სტრომატოლიტები შრეებად დაყოფილი სტრუქტურებია, რომლებიც ციანობაქტერიის ფენების მიერ არის წარმოქმნილი.

თუკი მარსზე წარსულში სიცოცხლე არსებობდა, შესაძლებელია, რომ პლანეტას საკუთარი სტრომატოლიტები ჰქონდა. და თუ ეს მართლაც ასე იყო, ეზეროს კრატერი მათ საძებნელად შესანიშნავი ადგილია.

პროექტის მეცნიერის, კენ ვილიფორდის განცხადებით, ტბის გარემოში, განაპირა ნაწილში წარმოქმნილი კარბონატების არსებობის შესაძლებლობა ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მახასიათებელი იყო, რის გამოც, არჩევანი ეზეროს კრატერზე შეაჩერეს. უძველესი ტბის სანაპიროს კარბონატული ქიმია ფანტასტიკური რეცეპტია უძველესი სიცოცხლისა და კლიმატის შესახებ ჩანაწერების დაცვისთვის.

ტბის სანაპიროში კარბონატები მარსის ნაოიურ ეპოქაში უნდა წარმოქმნილიყო. ეს გახლდათ მარსის პირველი ეპოქა და ის დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ დასრულდა.

მეცნიერთა აზრით, იმ დროისათვის მარსს ჰქონდა შედარებით ნოტიო კლიმატი და CO2-ით მდიდარი ატმოსფერო. კარბონატები წარმოიქმნება ქანების, წყლისა და CO2-ის ურთიერთქმედებით.

კარბონატებს ჩვენთვის სათქმელი მართლაც ბევრი აქვთ. ისინი შეიცავს გეოლოგიურ ჩანაწერს მარსზე კლიმატის ცვლილების შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ქანების, წყლისა და CO2-ის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება, მათ ფორმაციას შეუძლია შეინახოს მარსის კლიმატში დროთა განმავლობაში მომხდარი მცირე ცვლილებები. მათ შეუძლიათ მოგვიყვნენ, როგორ გახდა ერთ დროს სქელი ატმოსფეროს მქონე ნოტიო წითელი პლანეტა იმ ცივ, მშრალ უდაბნოდ, როგორიც ის დღესაა.

ეზეროს კრატერში, უძველესი მდინარის დელტასთან მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ჰიდრატირებული სილიკატებით მდიდარი დანალექები. ჰიდრატირებულ სილიკატებს კარბონატების მსგავსად შეუძლია ნამარხების შენახვაც.

თუკი მდინარის დელტას ფსკერზე ჰიდრატირებული სილიკატები არსებობს, ისინი უბრალოდ ბრწყინვალეა ნამარხების საძებნელად, განსაკუთრებით ჩამარხული მიკრობების.

ეზეროს კრატერში კარბონატების ყველა დანალექი თანაბრად როდია. ისინი გვხვდება სხვადასხვა ზონებში, სხვადასხვა სიმაღლეებზე, სხვადასხვა ტოპოგრაფიული და სპექტრული მახასიათებლებით. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ზონაა ე. წ. ნაპირის კარბონატები.

ისინი წარმოაჩენენ კარბონატების უძლიერეს და აშკარა ხელწერას, განთავსებულია კრატერის კრატერის დასავლეთ შიდა წვერზე.

მავალი მარს 2020 ეზეროს კრატერში 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვება. ამ მომენტიდან დაიწყება მრავალი მეცნიერის დაუღალავი შრომაც.

დედამიწაზე არის ადგილები, ძირითადად მაღალ მთებში, სადაც კლდეებში მოშიშვლებულია განმარხებული ზღვის ნიჟარები. მათი ადგილმდებარეობის გამო, ადრეული მოაზროვნეები, მაგალითად, ლეონარდო და ვინჩი ეჭვქვეშ აყენებდნენ ბიბლიური წარღვნის ამბავს.

თუკი მარსს ასეთი ნამარხები აქვს, ადვილად ნამდვილად არ გამოგვიჩენს. თუმცა, ის მზარდი ცოდნა, რაც დედამიწის ნამარხების შესახებ გაგვაჩნია, გვაძლევს მოტივაციას, რომ ისინი მარსზეც ვიპოვოთ. ეს აღმოჩენა უდავოდ შეცვლის კაცობრიობის მრავალ წარმოდგენას.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.