მარსის გარშემო მოძრავმა ხომალდმა ჩრდილოეთ პოლუსის ყინულების თვალწარმტაცი ფოტო გამოგზავნა
15:58, 17.01.2020
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდ „მარს ექსპრესის“ ახალ ფოტოზე კარგად ჩანს, რამდენად მომხიბვლელი და უკაცრიელია მარსი. სურათზე ასევე ჩანს ის გარკვეული ბუნებრივი პროცესები, რომლებიც ფორმას აძლევს პლანეტის ზედაპირს.
ფოტოზე ასახულია ჩრდილოეთ პოლარული რეგიონი, ჩანს კაშკაშა ყინულის ზოლები, მუქი ღრმა ღარები, შტორმებისა და ძლიერი ქარების კვალი.
მზის სისტემის პლანეტებს შორის, მარსის სეზონები ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწისას, თუმცა, წითელ პლანეტაზე წელიწადი თითქმის ორჯერ უფრო ხანგრძლივია. ჩრდილოეთ პოლუსზე სეზონების პარალელურად ბევრი რამ იცვლება. რეგიონი დაფარულია ყინულის ფენებით, რომლებსაც მცირედით ეცვლებათ შემადგენლობა და გავრცელების არეალი.
მთელი წლის განმავლობაში, რეგიონს წყლის ყინულის სქელი ფენები ფარავს. ზამთარში, როცა ტემპერატურა -143°C-მდე ეცემა, იყინება ნახშირორჟანგი, რომელიც თხელი ჰაერიდან ნალექის სახით მოდის და წყლის ყინულის თავზე წარმოქმნის გაყინული ნახშირორჟანგის ფენას.
გაყინული CO2-ის ფენის სისქემ შეიძლება 2 მეტრსაც მიაღწიოს.
ამავე დროს, ასევე წარმოიქმნება ნახშირორჟანგის ღრუბლები, რომლებიც ზედაპირს ორბიტული თვალთახედვიდან ფარავს.
საბედნიეროდ, „მარს ექსპრესს“ წარმოუდგენლად მძლავრი კამერა აქვს — High Resolution Stereo Camera (HRSC.)
HRSC-ი მძლავრი, ფერადი კამერაა, რომელიც მთელი მარსის ზედაპირს იღებს. ზოგადად, ის 10 მეტრი რეზოლუციის მქონე ფოტოებს იღებს.
HRSC-ი შეიცავს კიდევ ერთ არხს, სახელად Super Resolution Camera (SRC), რომელიც ფოტოებს უფრო მაღალი რეზოლუციით, 2,3 მეტრით იღებს. ამ უკანასკნელს მხოლოდ შერჩეული ზონებისთვის იყენებენ.
HRSC-ის ყველაზე ცნობილი ფოტოა 2006 წლის ზაფხულში გადაღებული ჩრდილოეთ პოლარული ქუდი. სურათი ასახავს თეთრ პოლარულ ყინულებს და მოყავისფრო-მოწითალო მტვერს.
„მარს ექსპრესის“ ზოგადი მიზანია დროთა განმავლობაში მარსის ზედაპირზე მიმდინარე მოვლენების შესწავლა; მათ შორის არის ქარები და შტორმები, სეზონური ცვლილებები პოლუსებთან.
მეცნიერთა განსაკუთრებული ინტერესის საგანია პოლუსებთან არსებული ყინულის ფენები. სავარაუდოდ, ისინი ფლობს მილიონობით წლის განმავლობაში პლანეტის კლიმატის ცვლილების საიდუმლოს.
ხომალდი „მარს ექსპრესი“ წითელ პლანეტას გარს უვლის 2003 წლიდან. Მისიის განმავლობაში, ამ ხომალდმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად წყლიანი და სველი იყო წითელი პლანეტა უძველეს წარსულში. აკვირდება პლანეტის ზედაპირქვეშ მიმდინარე პროცესებსა და სტრუქტურებს და პარალელურად, გვანებივრებს მარსის დიდებული ვულკანებისა და კრატერების თვალწარმტაცი ფოტოებით.