იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯინამ“, საკუთარ მოედანზე, „ვარეზეს“ უმასპინძლა და ანგარიშით 76-66 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მანუჩარმა ძირითად ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 33 წუთს დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში „მანუმ“ 20 ქულა, ოთხი მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა აქტივში.
მარკოიშვილმა 10-დან ექვსი სამქულიანი და ორიდან ერთი ორქულიანი ტყორცნა გამოიყენა. ამ მაჩვენებლით, ქართველი უკანახაზელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.
რეჯიო ემილიელებმა სეზონის მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლეს.
მასიმილიანო მენეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას „ტორინოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.