მარკოიშვილის 19 ქულა და „რეჯინას“ გამარჯვება „კანტუს“ წინააღმდეგ
მარკოიშვილის 19 ქულა და „რეჯინას“ გამარჯვება „კანტუს“ წინააღმდეგ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში, კვლავ მანუჩარ მარკოიშვილი გამოირჩა. მე-13 ტურში მისმა „რეჯინამ“ საკუთარ დარბაზში „კანტუს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 86-80 დაამარცხა. გამარჯვების მთავარი შემოქმედი, ქართველი კალათბურთელი იყო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, 30 წუთში 19 ქულა გააკეთა. მანუჩარ მარკოიშვილი ამ მაჩვენებლით საკუთარ გუნდში საუკეთესო გახლდათ. მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რაც 15-0 გაქცევაში აისახა. რეჯიო ემილიელებმა მდგომარეობა მალევე გამოასწორეს და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. თამაშის დარჩენილი დრო, თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. დასკვნით წუთებში მასპინძლებმა მარკოიშვილის და ამადეო დელა ვალეს შესანიშნავი თამაშის წყალობით, საბოლოო გამარჯვებას მიაღწიეს. გამარჯვების შემდეგ, მასიმილიანო მენეტის გუნდმა, სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.