მარკ რუტე - იაჰია სინვარი 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის შემოქმედად არის აღიარებული, პირადად მე ის არ მომენატრება
ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერი, რომელიც ისრაელის სამხედროების მიერ არის ლიკვიდირებული, „პირადად მას არ მოენატრება“.
ამის შესახებ რუტემ ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა, იტყობინება „როიტერი“. რუტეს განცხადებიდან რამდენიმე წუთში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდაცია დაადასტურა.
„რა თქმა უნდა, ის საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემოქმედი. მე ეს დავგმე, ალიანსის ყველა წევრმა დაგმო, მსოფლიოში ყველა გონიერმა ადამიანმა დაგმო. ამიტომ, თუ ის დაიღუპა, პირადად მე არ მომენატრება“, – აღნიშნა რუტემ.
ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა გუშინ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაში მოკლეს. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, მისი მკვლელობა არის ისრაელისთვის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევა.