მარკ ცუკერბერგი სენატის კომიტეტების წინაშე წარდგება
მარკ ცუკერბერგი სენატის კომიტეტების წინაშე წარდგება

უმსხვილესი სოციალური ქსელის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი დღეს სენატის იურიდიული და ვაჭრობის კომიტეტების წინაშე წარდგება. ცუკერბერგმა ბრიტანული ანალიტიკური კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკას“ საქმესთან დაკავშირებით კონგრესმენების შეკითხვებს უნდა უპასუხოს.

ბრალდების მიხედვით “ფეისბუქმა” ამ კომპანიას 87 მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებთან წვდომის საშუალება მისცა.

მანამდე კონგრესმა გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ დამფუძნებლის ჩვენების ტექსტი, რომელშიც ცუკერბერგი ბოდიშს იხდის და აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა.

„ახლა ნათელია, ჩვენ საკმარისი არ გავაკეთეთ იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ეს ინსტრუმენტები საზიანოდ არ გამოეყენებინათ. ეს ეხება ყალბ ამბებს, არჩევნებში ჩარევას და სიძულვილის ენას, ასევე დეველოპერებსა და მონაცემთა კონფიდენციალობას. საკმარისად ფართოდ არ განვიხილეთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს იყო დიდი შეცდომა, ჩემი შეცდომა. მე დავაფუძნე „ფეისბუქი“, მე ვმართავ მას და მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც აქ ხდება“, – აღნიშნავს მარკ ცუკერბერგი.

სოციალური ქსელის დამფუძნებელი ამბობს, რომ „ფეისბუქის“ ცვლილებებს დრო დასჭირდება, თუმცა ის მზად არის, პერსონალური მონაცემების დასაცავად ზომებს მიმართოს.

„ბოლო რამდენიმე კვირა ჩვენ ვმუშაობთ, რათა ზუსტად დავადგინოთ, რა მოხდა „კემბრიჯ ანალიტიკასთან“ დაკავშირებით და ვდგამთ ნაბიჯებს, რომ ეს აღარ მოხდეს. ჩვენ მივმართეთ მნიშვნელოვან ზომებს ოთხი წლის წინაც, თუმცა ასევე დავუშვით შეცდომები. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ და გავაკეთოთ ეს“, – აღნიშნავს ცუკერბერგი.

ხვალ, 11 აპრილს მარკ ცუკერბერგი წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტების წინაშეც წარდგება.

ბრიტანული კომპანიის „კემბრიჯ ანალიტიკას“ გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი მომსახურებით დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი სარგებლობდა. ამერიკული მედიის გამოძიებიდან კი ირკვევა, რომ ეს კომპანია მსოფლიოს გარშემო 2000ზე მეტ პლებისციტში ჩაერია. მათ შორის იყო არჩევნები კენიაში, ჩეხეთში, ნიგერიაში, ასევე ბრექსითის შესახებ რეფერენდუმი.