მარკ ცუკერბერგის უსაფრთხოების დასაცავად Facebook-მა 2017 წელს ცხრა მილიონი დოლარი დახარჯა
Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის უსაფრთხოების დასაცავად კომპანიამ 2017 წელს ცხრა მილიონი დოლარი დახარჯა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 2016 წელთან შედარებით, ცუკერბერგის დაცვა და გადაადგილება კომპანიას 50%-ით ძვირი დაუჯდა.
როგორც Facebook-ში განმარტავენ, ეს ხარჯები გამომდინარეობს იმ რისკებიდან, რომელთა წინაშეც ცუკერბერგი მისი სტატუსისა და დაკავებული თანამდებობის გამო დგას. 33 წლის მილიარდერი ერთდროულად არის სოციალური ქსელის დამფუძნებელი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორიც.
შეგახსენებთ, რომ Facebook ხმაურიან სკანდალშია გახვეული, რაც მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენებას უკავშირდება. კერძოდ, როგორც ირკვევა სოციალური ქსელის მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია ბრიტანული კომპანია Cambridge Analitica-ს ხელში.მოხვდა, რომელმაც ეს მონაცემები სხვადასხვა ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციისთვის გამოიყენა. თავად კომპანია ბრალდებას უარყოფს.
სკანდალის გამო მარკ ცუკერბერგს კონგრესში მისვლა და კანონმდებლების კითხვებზე პასუხიც მოუწია. მან მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა და პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებას დაჰპირდა.