მარკ ბერენტი - მიუხედავად იმისა, რა მოუვა „რუსთავი 2“-ს, დარწმუნებული ვარ, მედიაბაზარი განვითარდება
მიუხედავად იმისა, რა მოუვა „რუსთავი 2“-ს, დარწმუნებული ვარ, მედიაბაზარი განვითარდება, – განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას „ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, მარკ ბერენტმა.
ბერენტმა შეაფასა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით.
„სტრასბურგის სასამართლომ დაინახა, რომ საქართველოში იურიდიული პროცესი სამართლიანად მიმდინარეობდა. ვიცი, რომ ეს საქართველოში ძალიან საკამათოა. ერთი მხრივ, მიხარია, რომ კანონი აღესრულა ქვეყანაში და რომ თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სასამართლო ნორმალურ პროცესს გადიოდა. ცხადია, ძალიან რთულია ახლა იმის დადგენა, ვინ, როდის, რას ფლობდა, ეს კომპლექსური საკითხია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იმედგაცრუებული ვარ ამ პროცესის პოლიტიზებით“, – აღნიშნა მარკ ბერენტმა.
მისივე თქმით, არჩევნების წინ, მნიშვნელოვანია კრიტიკული მედია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი სანდო მედიაა.
„კრიტიკული მედია მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სანდო მედია. არ შეიძლება, ინფორმაციის 95 პროცენტი იყოს პოლიტიზებული აზრი და ხუთი პროცენტი ახალი ამბავი. პირიქით უნდა ხდებოდეს, თუმცა ასევე ვფიქრობთ, რომ ქართული მედიაბაზარი მაღაზია არ არის. ახლა „რუსთავი 2“ თამაშობს იმ როლს, როდესაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიები მისი მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას და ეს მათთვის მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებელია, რომ ვინმე მთავრობას აკრიტიკებდეს. არ ვთვლი, რომ არჩევნებამდე ჩვენ ამ ხმას მედიაში ვეღარ გავიგებთ“, – განაცხადა მარკ ბერენტმა.
„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს წლების წინ უკვე ჰქონდათ ქიბარ ხალვაშთან მუშაობის გამოცდილება და ამბობენ, რომ სწორედ ის განსაზღვრავდა სარედაქციო პოლიტიკას, შესაძლებელია თუ არა, რომ იგივე ახლაც მოხდეს, ბერენტი აღნიშნავს, რომ საფრთხე არსებობს.
„სარედაქციო პოლიტიკაზე მორგების მაგივრად ჟურნალისტებს ახალი ამბები რომ გაეშუქებინათ, უფრო მეტად დაიცავდნენ საკუთარ თავს მედიამფლობელებისგან. ეს დიდი და რთული პრობლემაა, რომელიც არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ის, არამედ მთელი მსოფლიოს მედიას ეხება. გამოსავალი მაინც ჟურნალისტიკაში მგონია, ჟურნალისტურ ერთობაში, სოლიდარობაში ერთმანეთის მიმართ. სწორედ ასე შეუძლიათ, იპოვონ იმის ძალა, რომ დაიბრუნონ პროფესია. თუმცა, გეთანხმებით, ამის საფრთხე არსებობს. ძნელია, იყო ქართველი ჟურნალისტი, ყოველთვის ასე იყო“, – განაცხადა ბერენტმა.
ამასთან, საკითხზე, არსებობს თუ არა შანსი, რომ ახალმა მფლობელმა არხი გააკოტროს, ბერენტი ამბობს: „არ ვიცი. თუ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ან პოლიტიკური ძალები, რომლებიც წარსულში „რუსთავი 2“-ს აკონტროლებდნენ და თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა ეს, ვერ გამოიყენებენ ტელევიზიას, როგორც საკუთარი ხმის გავრცელების გზას, მაშინ ისინი სხვა ვარიანტს იპოვიან“.
ამასთან, მარკ ბერენტმა ქართული მედიაგარემო შეაფასა და აღნიშნა, რომ მედია ჩვენს ქვეყანაში პოლარიზებულია.
„ვფიქრობ, მედია საქართველოში პოლარიზებულია. თუმცა, მედიაგარემო ასევე შედარებით თავისუფალია. შესაძლებელია, ჟურნალისტმა დაწეროს გასაგიჟებლად კრიტიკული გამოძიება და მას არავინ დაიჭერს ან მოკლავს. ყველგან ასე არ ხდება, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ამაყი უნდა იყოს, რომ ამას მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, თუ რა მოუვა „რუსთავი 2“-ს, დარწმუნებული ვარ, მედიაბაზარი განვითარდება და საჭიროების მიხედვით ახალი მედიაგამოცემებიც გამოჩნდება, სადაც ის კრიტიკული აზრი, რაზეც ვსაუბრობთ, გაჟღერდება“, – განაცხადა მარკ ბერენტმა.