მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ა.ზ. დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხრიდან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ დ.ა.-ს და 1967 წელს დაბადებულ გ.ა.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.ზ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი პირი გუშინ საღამოს დაჭრეს.