მარინე ჩიტაშვილი - მიმდინარე პროტესტის შეფასება, როგორც მხოლოდ პოლიტიკური, ანუ პარტიული პროტესტის, არ არის სწორი, რადგან პარტიების მცდელობა, მოეხდინათ მობილიზაცია, ასეთი წარმატებული არ იყო
მარინე ჩიტაშვილი - მიმდინარე პროტესტის შეფასება, როგორც მხოლოდ პოლიტიკური, ანუ პარტიული პროტესტის, არ არის სწორი, რადგან პარტიების მცდელობა, მოეხდინათ მობილიზაცია, ასეთი წარმატებული არ იყო

ამ პროტესტის შეფასება, როგორც მხოლოდ პოლიტიკური პროტესტის, ანუ პარტიული პროტესტის, მე მგონია, არანაირად არ არის სწორი, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა მარინე ჩიტაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მაშინ, როდესაც დამთავრდა არჩევნები და იყო მცდელობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მოეხდინათ მობილიზაცია, ასეთ შემთხვევაში ჩავთვალოთ, რომ ეს მობილიზაცია ასეთი წარმატებული არ იყო. 28 ოქტომბერს, როდესაც გამოდის ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ ის აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციას, ანუ ამ გზას, ამის შემდეგ იწყება ეს და 49-ე დღეა“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.

მისი თქმით, ნამდვილად არ იქნება სწორი, ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებას, რომელსაც ისედაც პრობლემა აქვს, როცა ოპოზიცია აპროტესტებს, რომ პარლამენტში არ შევა, ფაქტობრივად, შემოაქვს პროვოკაციული თემა, რომელზეც წინასწარ იცის, რომ ამას სერიოზული რეაქცია მოჰყვება.

„ამის ცხადი მაგალითები მათ უკვე ჰქონდათ მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, მიიღეს „უცხოური გამჭვირვალობის“ კანონი, ეს ოჯახის ტრადიციების კანონი და ა.შ. დგება ძალიან მარტივი კითხვა, რატომ აკეთებს ის ამას? იმ სფეროს, რომელსაც მე წარმოვადგენ, ინტერპრეტაციების ბევრნაირი თეორია აქვს, მაგრამ მაშინ, როდესაც სოციალური განზომილების შესახებ გვიწევს ლაპარაკი, გვინდა თუ არ გვინდა, ვეყრდნობით ერთ ცენტრალურ მიმდინარეობას, თუ მოვლენა გვინდა, შევაფასოთ, უნდა დავაკვირდეთ ქცევას, რა ქცევასთან გვაქვს საქმე და ამ ქცევის უკან რა მიზეზები შეიძლება იყოს. ასე თუ შევხედავთ მთელ ამ სიტუაციას, შეფასება იმის კვალობაზე, რომ არიქა, ეს იმის გამო გააკეთეს, რომ ევროკავშირი დეკემბერში იტყოდა, ჩვენ არ ვხსნით ევროკავშირთან დაახლოების პროცესსო და წინასწარ დაასწრეს, მგონია, რომ მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი. მაშინ, როდესაც მოსული ხარ აბსოლუტური უმრავლესობით (ამ პარლამენტზე არ ვსაუბრობ, წინაზე ვსაუბრობ), მაშინ, როდესაც წინასწარ იცი, რომ ერთადერთი, რაც გაქვს ისეთი, რომლითაც შეგიძლია, ქვეყანაში კონსოლიდაციის პოლიტიკა გაატარო, არის ის, რომ ევროკავშირის მიერ მოცემული ცხრა პირობა შეასრულო და ა.შ., უეცრად ამბობ, არა, მე ამას არ გავაკეთებ. ის ცხრა პირობა რას ეხება? ეხება ხელისუფლების დეცენტრალიზაციას, როდესაც ერთპარტიულ მმართველობაში არ შეიძლება იყოს მოქცეული როგორ აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ინსტიტუციები. ანუ, თუკი მე ვამბობ, რომ მე ვაჩერებ ამ პროცესს 28 ოქტომბერს, ეს, უბრალოდ, ნიშნავს იმას, რომ მე ვაჩერებ ამ პროცესს, რადგან მჭირდება ძალაუფლების უფრო მეტი კონსოლიდაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მე მივდივარ ერთპარტიული მმართველობისკენ და არ მაინტერესებს სხვა არაფერი“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამ განაპირობა ის მოცემულობა, რომ აქციაზე მდგომთა ნაწილი საერთოდ ემიჯნება ოპოზიციურ სპექტრს, მის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავს და რა ვითარებას ვიღებთ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ერთ-ერთი მოთხოვნა არის ახალი არჩევნების ჩატარება, მარინე ჩიტაშვილმა განაცხადა, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნა, მისი აზრით, დაკავშირებულია ორი ძირითადი დემოკრატიული პრინციპის შესრულებასთან.

„ეს არის სამართლიანობის პრინციპი, ანუ, რამდენი ხმაც გეკუთვნის, იმდენი ხმა უნდა წაიღო; და მეორე, ეს არის თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.

მისი თქმით, თუ 5%-იანი ბარიერი არ დაიწევს, ყველა ხმა არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, პარლამენტის ცნება კი ზუსტად ეს არის, რომ ის არის თავყრილობა, ყველა ხმის დელეგირება.

მარინე ჩიტაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენის იმედი, რადგან თანასწორობის, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის და სივრცის მოთხოვნილება არსებობს, რასაც ვერ იტყვის იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებსაც აქამდე უყურებდა, სადაც არის მკაცრი პოლიტიკური იერარქია, არსებობს ვერტიკალი და ჰორიზონტალურ სისტემას, რომელიც ღირებულებებით გვაერთიანებს, ვერ ხედავს.